გვაშფოთებს, რომ არის ცნობები დაშინების, ძალადობის შესახებ – აშშ-ის მორიგი გაფრთხილება “ოცნებას” | 20.10.2020

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, შერილ ფერნანდესი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა დაშინების, ჟურნალისტებისა და პარტიების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული ლონფლიქტების განყოფიების დირექტორმა მოახლოებულ არჩევნებზე ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. შერილ ფერნანდესი ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და ეს არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული ღირებულებების მიმართ.

“ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტრუროს ერთგულება დემოკრატიული გზის მიმართ. კონკრეტულად კი იმ შეშფოთებების გათვალისწინებით, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო გაჟღერებული და შეეხებოდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციებს, გარკვეულ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს იქნება არჩევნები, რომელიც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ამერიკის ხელისუფლების, ასევე ჩვენი კონგრესის მხრიდანაც, რომელიც საკანონმდებლო-საფინანსო გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის, საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ არჩევნებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინდიკატორს.  ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ არის ცნობები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა დაშინების, ჟურნალისტებისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ. ამ პრობლემას შეშფოთების მთავარ საგნად ვხედავდით წინა, 2018 წლის არჩევნების დროსაც,” – ამბობს  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

შერილ ფერნანდესის განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებენ ოპოზიციაში. ისინი ყურადღებას ფერნანდესის განცხადების იმ ნაწილზე ამახვილებენ, სადაც 2018 წლის არჩევნებზეა საუბარი. ოპოზიციის თქმით ამერიკის შეერთებული შტატები აღარ დაუშვებს იმ გადაცდომებს, რაც 2018 წლის არჩევნებზე მოხდა.

შერილ ფერნანდესის განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. “ქართული ოცნების” არმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების მთავარი ამოცანა სამართლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებაა. ირაკლი კობახიძის თქმით მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საპარლაემნტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიები მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იყოს.