24 საათში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა | 19.10.2020

საქართველოში ლოკდაუნი აღარ გამოცხადდება. პრემიერ-მინისტრის თქმით სტრატეგია შეიცვალა და  მთავრობამ ახლა ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა უნდა შეძლოს. გიორგი გახარია ამბობს, რომ მორიგ ლოკდაუნს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს, ამიტომ შეზღუდვები მხოლოდ წერტილოვანი იქნება. მთავრობის მეთაური ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის მატებას პროგნოზირებს და  ირწმუნება, რომ მთავრობას პანდემიის მართვის რესურსი გააჩნია. გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოპონენტებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდან პანდემიის პირობებში პანიკის დათესვა მიუღებელია.

ქვეყანაში  ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება.  24 საათში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა. COVID-19-ი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18 663 გახდა. ცხელ წერტილებად ისევ დედაქალაქი, აჭარა და იმერეთი რჩება. თბილისში ბოლო დღე-ღამეში  კოვიდინფექცია 469 ადამინს დაუდგინდა.  მათ შორის COVID-19 დაუდასტურდა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენადი მარგველაშვილს. რომელიც პარლამენტში ბოლოს გასულ კვირას იმყოფებოდა. რაც შეეხება წილოსანს, ის პარასკევს გურიაში “ქართული ოცნების” პარტიულ ღონისძიებებს ესწრებოდა.                        

გასულ დღე-ღამეში ისევ რეკორდულად მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ ზღვისპირა რეგიონში, სადაც კორონავირუსით კიდევ 360 ადამიანი დაინფიცირდა. კოვიდკლინიკებში 640 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 20 არასრულწლოვანი, 30 კი ორსულია.  კორონავირუსით დაინფიცირდა ბათუმის მოხუცთა თავშესაფარ სათნოების სავანეს 12 ბენეფიციარი. დღეს რეგიონში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერთი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა, მეორე კი კლინიკა “მედინაში”. ორივე პაციენტს მძიმე ქრონიკული თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

კოვიდსტატისტიკის ზრდის მიუხედავად დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა, თუმცა საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. დილიდან ბათუმში 115 მუნიციპალური ავტობუსი და 250-მდე კერძო მიკროავტობუსი გადაადგილდება. მერიაში აცხადებენ, რომ მძღოლებს სავალდებულო თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და რეგულაციებიც მკაცრად გაკონტროლდება.  განსაკუთრებულ კონტროლს დაექვემდებარება პირბადის ტარების ვალდებულებაც.

კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. აქედან 36 ზუგდიდში, 3 წალენჯიხაში, 4 ფოთში, 5 მესტიაში, 1 საკარანტინე სივრცეში და 2 ოკუპირებულ აფხაზეთში დაფიქსირდა. COVID-19 დაუდგინდა ფოთის მე-6 საბავშვო ბაღის აღმზრდელს. რის გამოც ბაღში სააღმზრდელო პროცესი ერთი დღით შეჩერდა.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 6407 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  836 პირი , ხოლო კოვიდსასტუმროებში 1420 ადამიანი რჩება. ქვეყანაში ვირუსისგან საერთო ჯამში 8338 პაციენტი განიკურნა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები