თითქმის 1000 დაინფიცირებული ბოლო ერთ დღეში და შეზღუდვების ახალი ტალღა – რას ამბობს მთავრობა | 15.10.2020

თითქმის 1000 დაინფიცირებული ბოლო ერთ დღეში და შეზღუდვების ახალი ტალღა – მთავრობის გადაწყვეტილებით,  ხვალიდან ორ წითელ ზონაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა 22 საათიდან აიკრძალება. პრემიერ-მინიტრმა შეზღუდვების ახალი ტალღა მკვეთრად მომატებული შემთხვევებით ახსნა და გამოთქვა ვარაუდი, რომ უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რიცხვი ათასს გადააჭარბებს.

ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის ფონზე საქართველოს მთავრობის მეთაური მოსახლეობას ამშვიდებს და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაზე საუბრობს. გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰოპსიტალური სექტორი დაინფიცირებულთა ნაკადს უმკლავდება, თუმცა ვირუსის მართვის პროცესში გარკვეული სახის ხარვეზები მაინც არსებობს. პრემიერ-მინისტრი დღესვე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხსაც გამოეხმაუარა და თქვა, რომ ეს ამ ეტაპზე არ განიხილება.

რამდენიმეთვიანი იძულებითი საკარანტინე რეჟიმის შემდეგ კი ჯანდაცვის სისტემა პროტოკოლს ცვლის და საქართველოს მოქალაქეებს ახალ პირობებს სთავაზობს. ყველა იმ მოქალაქეს, ვინც საზღვარზე PCR ტესტს წარადგენს, კარანტინის ნაცვლად სახლში წასვლის უფლება ექნება. პრემიერმა უკვე დაწესებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტებში სწავლება  განახლდება, აჭარაში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.

კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლების ფონზე, დაიწყო გრიპის ვაქცინის შემოტანა, რომელსაც უახლოეს კვირეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ. ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინის რაოდენობა საკმარისზე მეტია, თუმცა მისი მიღება პირველ ეტაპზე მხოლოდ რისკ ჯგუფებს შეეძლებათ.

კორონავირუსის საქართველოში გავრცელებიდან 8 თვის თავზე ქვეყანა შემზღუდავ ღონისძიებებს ისევ უბრუნდება და არ არის გამორიცხული, ეს ნორმები კიდევ უფრო გამკაცრდეს. პრემიერი კი ბიზნესს მიმართავს და მოუწოდებს დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს ყველა ის სამსახური, ვისაც ამის საშუალება ექნება.

 

 

 

 

 

 

 

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები