რას ამბობს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც დავით გარეჯის სადავო რუკა რუსეთიდან ჩამოიტანა | 14.10.2020

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც დავით გარეჯის საქმეში არსებული 1938 წლის რუკა საქართველოში ჩამოიტანა, აცხადებს, რომ რუკის მოძიება მას პირადად ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს სთხოვა. ხიდაშელმა “რუსთავი 2”-ის ეთერში დეტალურად ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც რუკის მოძიებას უძღოდა წინ. ბიზნესმენი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ის დეტალური ინფორმაციის მისაღებად ირაკლი ღარიბაშვილთან გადაამისამართა, რის შემდეგაც რუკის ძიება დაიწყო. დავით ხეიდაშელი ამბობს, რომ 1938 წლის რუკის დედანი, რომლის გამოუყენებლობასაც ივერი მელაშილს და ნატალია ილიჩოვას ედავებიან, ვერც მან იპოვა. თუმცა მიაკვლია 1938 წლით დათარიღებულ დოკუმენტს, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ზუსტი მასშტაბის რუკის შედგენაზე, რომელიც წესით 1938 წლის პირველ ივნისს უნდა გამოცემულიყო. დავით ხიდაშელმა ამ რუკის ორიგინალს ვერ მიაკვლია, მაგრამ მიაგნო ოფიციალური შეხვედრის დოკუმენტზე მიმაგრებულ თანდართულ საბუთს, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზეა.

დავით ხიდაშელის ინტერვიუს შემდეგ მისი ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი. ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ხიდაშელის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებასა და სატელევიზიო ინტერვიუს შორის უზუსტობებია. მათ შორის ხიდაშელი ჩვენებაში ამბობს, რომ რუკების მოპოვება მას მისმა ნაცნობმა ბეჟან მაისურაძემ სთხოვა. სატელევიზიო ინტერვიუში კი აცხადებს, რომ რუსების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები