გამოკითხვების სერია დავით გარეჯის საქმეზე – იქნება თუ არა პრეზიდენტი გამოსაკითხ პირთა სიაში | 13.10.2020

ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვების სერია გრძელდება. პროკურატურის კითხვებს უკვე უპასუხა წინა ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.  ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი ჩვენების დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს და განმარტავს, რომ განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს.

იქნება თუ არა დასაკითხ პირთა სიაში საქართველოს პრეზიდენტი უცნობია. თავად სალომე ზურაბიშვილი მზად არის დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია პროკურორს პირადად მიაწოდოს. სპეციალურ განცხადებაში პრეზიდენტი განმარტავს, რომ   მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში იდგა, თუმცა საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის, დავით გარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები არ შეთანხმებულა.  ზურაბიშვილის თქმით, ხელოვნურად კვლავ იქმნება ფონი, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მის მიმართ კითხვები კიდევ არსებობს.

“ჩემი მინისტრობის პერიოდში, კომისიამ ორივე მიმართულებით იმუშავა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ვერცერთ მხარესთან ვერ იქნა მიღწეული. ჩემი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო შეხვედრისას კომისიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი შეუთანხმებელი რჩებოდა, მათ შორის იყო დავით გარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები.  საკითხის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგა ელმარ მამედიაროვთან ერთად შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მიგვემართა ქვეყნის პრეზიდენტებისთვის, რამეთუ საკითხის გადაჭრა, მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი.  მე არ ვფლობ ინფორმაციას, ჩემი მინისტრობის შემდეგომ პერიოდში, ანუ 2005 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ, პრეზიდენტებმა განიხილეს თუ არა ეს საკითხი, ასევე, ჩემთვის უცნობია იმის შესახებ თუ როდის ან რა პირობებში მოხდა საკითხის კომისიაში განსახილველად დაბრუნება” – განმარტავს სალომე ზურაბიშვილი.

ხმაურიან საქმეს ამ ეტაპზე ორი ბრალდებული ჰყავს.  საქართველო აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შემსწავლელი კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები საქმის მასალებს ეტაპობრივად ეცნობიან. იურისტები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.

ოპოზიცია დავით გარეჯის საქმეში რუსულ კვალს ხედავს და პროცესებს წინასაარჩევნო გეგმის ნაწილად აფასებს. ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება” დავით გარეჯის საკითხს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის, წინასაარჩევნოდ იყენებს.  “ევროპული საქართველოს” წამომადგენლებმა დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ოლიჩოვას პატიმრობაში დატოვება, ქუთაისში აქციით გააპროტესტეს.

საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის უკან პოლიტიკურ ინტერესს ვერ ხედავს “ქართული ოცნება”. უფრო  მეტიც, გია ვოლსკის შეფასებით, საკითხზე  ოპოზიციის პოზიცია  ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა.

გარეჯის საკითხზე უფრო მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება  ცნობილი, რაც მედიის კითხვებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი უპასუხებს. სწორედ მან დაუბრუნა საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი.

საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავებულ  პირებს ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.  პროკურატურის ინფორმაციით საქართველო აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შემსწავლელი კომიიის ყოფილი წევრები, საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს იყენებდნენ, რომლებზეც  დატანილი საზღვრის ხაზები, არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. საუბარია 3 500 ჰექტარ ფართობზე.  საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ბრალდებულები მიზანმიმართულად იყენებდნენ სხვა რუკებს, რომლებიც  საქართველოს ისტორიულ საზღვრებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.  მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ  საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.