ოპონენტების ცემა, დაშინება და ზეწოლა – ოპოზიციის თვალით დანახული წინასაარჩევნო გარემო | 13.10.2020

ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და  პოლიტიკური ნიშნით  ადამიანების სამსახურიდან გაშვება – არჩევნებამდე 18 დღით ადრე ოპოზიცია განგაშს ტეხს და დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას  მიმართავს. ოპონენტების ცემა, დაშინება და ზეწოლა – ეს იმ დარღვევათა მოკლე სიაა, რომელსაც ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება წინაასრჩევნოდ აქტიურად იყენებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 2020 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ივანიშვილის ხელისუფლება კონტროლს კარგავს, ძალაუფლების შენარჩუნებას კი ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს.

არის თუ არა წინასაარჩევნო გარემო ჯანსაღი და რა სცენარისთვის ემზადება ხელისუფლება – ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ 8 წლიანი მმართველობის ბოლოს ივანიშვილის ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ეცდება. ოპოზიციის აზრით, გარდა ფიზიკური ანგარიშსწორებისა, ხშირია საჯარო სამსახურებიდან არასასურველი ადამიანების დათხოვნის ფაქტებიც, რისი დასტურიც  ქსნის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის,  დოდო კოტორლიშვილი სამსახურიდან გაშვებაა.

საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც სავარაუდოდ, მისი შვილის პოლიტიკური საქმიანობის გამო გაათავისუფლეს, არ არის ერთადერთი, ვინც ახლა გამოძიებისგან კონკრეტულ პასუხებს ელის. უკვე მეორე დღეა დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას ითხოვს ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრი, რომელსაც 11 ოქტომბრის საღამოს საბურთალოზე 5 ნომრიანი მაისურის ტარების გამო ხელი კრეს და ასფალტზე დააგდეს. ლევან ქართველიშვილი ამბობს, რომ მან პოლიციას ყველა საჭირო ინფორმაცია უკვე მიაწოდა, თუმცა გამოძიების ობიექტურობის იმედი არ აქვს.

საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან დღემდე საგამოძიებო უწყების თაროებზე ბევრი ისეთი საქმე დაგროვდა, რომელიც ოპოზიციის წევრებზე შესაძლო ფიზიკურ ძალადობას ეხება. ამ დრომდე უცნობია  ვინ ესროლა  ქვები ნიკა მელიას და ვინ ჩაამსხვრია “ნაციონალური მოძრაობის” სამგორის პარტიული ოფისის შუშები. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ მსგავსი  ფაქტები წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს, ეს კი ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდება.

ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს კვლავ საპასუხო ბრალდებებით  უპირისპირდება ხელისუფლება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად სააკაშვილის პარტია სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად კიდევ უფრო ხშირად მიმართავს პროვოკაციებს, რადგან იცის, რომ მშვიდ გარემოში ისინი არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებენ.

2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებამდე 3 კვირაზე ნაკლები რჩება, მთავარი ყუდაღება კი ახლა არჩევნების დღეზეა მიპყრობილი. მესამე სექტორი ფიქრობს, რომ არჩვნების ლეგიტიმურობას სწორედ 31 ოქტომბერი განსაზღვრავს.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები