კორონავირუსს ქვეყანაში დღეს რეკორდული რაოდენობის მსხვერპლი ჰყავს | 13.10.2020

კორონავირუსს  ქვეყანაში დღეს რეკორდული რაოდენობის მსხვერპლი ჰყავს. COVID-19-მა გასულ დღე-ღამეში კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 102-ს მიაღწია. ხუთი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა, რომელთა ასაკი 57-დან 78 წლამდე იყო. ექიმების განმარტებით, კორონავირუსმა მათი თანხმლები დაავადებები დაამძიმა, რის გამოც პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი გარდაცვლილი, 64 წლის ქალი თერჯოლაში მკურნალობდა. კიდევ  ერთი, 55 წლის მამაკაცი სამტრედიაში, 2 პაციენტი კი თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში.

კვლავ სამნიშნა რიცხვით მოიმატა ინფიცირებულთა რაოდნეობამ. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 569 ადამიანს დაუდგინდა და ინიფიცირებულთა საერთო რაოდენობა 12 841 გახდა. უმრავლესობა, 207 ახალი შემთხვევა, ისევ ზღვისპირა რეგიონში დაფიქსირდა. აჭარაში COVID-19-ზე 500-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 19 არასრულწლოვანი და 23 ორსულია. რეგიონში 51 მძიმე პაცინეტი ჰყავთ.

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით  168 ადამიანი დაინფიცირდა დედაქალაქში. ქვეყანაში COVID-19-ის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 5974-ს შეადგენს, რომელთაგან  50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 117 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი იმერეთში. ხოლო გასულ 24 საათში ინფექცია 329 ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რიცხვი 7 000-ს მიუახლოვდა.

COVID-19-ის შემთხვევები დაფიქსრდა შიდა და ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში,  გურიაში, კახეთში, მცხეთა მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში. კოვიდინფექცია რუსთავის საკრებულოს დეპუტატს დაუდგინდა, თუმცა ის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე 6 ოქტომბერს იმყოფებოდა. კორონავირუსის შემთხვევების გამო 2 სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა შიდა ქართლში.

კორონავირუსის შემთხვევები იზრდება ოკუპირებულ რეგიონებშიც. გასულ დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აფხაზეთში, სადაც ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 2 343 შემთხვევაა გამოვლენილი,  854 განიკურნა,  23 კი  გარდაიცვალა. 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ ცხინვალშიც. იქ  პანდემიის დაწყების დღიდან COVID-19-ით სულ 152 ადამიანი დაინფიცირდა.

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა. 28 მილიონზე მეტმა ვირუსი დაამარცხა, ხოლო 1 085 482  პაციენტი – გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი, ხოლო  მესამეზე – ბრაზილია, სადაც COVID-19, საერთო ჯამში, 5 103 408 ადამიანს დაუდასტურდა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები