8 გარდაცვლილი და 478 ინფიცირებული – კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში | 12.10.2020

8 გარდაცვლილი და 478 ინფიცირებული – საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19 კიდევ 478 ადამიანს დაუდასტურდა, რითიც ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ აჭარაში დაფიქსირდა. რეგიონში კოვიდინფექცია კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა თბილისი, სადაც COVID-19-ის 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში ვირუსს 93 ადამიანი ემსხვერპლა.  სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების სიმრავლეს უკავშირებენ.

გარდაცვალების შემთხვევებიდან 4 აჭარაში დაფიქსირდა, 3 თბილისში, ერთი კი იმერეთში. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ პაციენტებს მწვავე, ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ. როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 174 პაციენტიდან 40 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათგან 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.

საერთო ჯამში აჭარაში კლინიკებში მკურნალობას 521 პაციენტი გადის, კოვიდსასტუმროებში კი 880-ზე მეტი ინფიცირებული რჩება. რაც შეეხება მათ ვისაც ბინაზე მკურნალობენ, ასეთი პაციენტების რიცხვი უკვე 1000-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 211-მა ადამიანმა დაამარცხა. მათ შორის 174 აჭარაში გამოჯანმრთელდა. საერთო ჯანმში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6538-ს შეადგენს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები