საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი ფაქტი გამოვლინდა – გარდაიცვალა კიდევ 3 ადამიანი | 08.10.2020

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი ფაქტი გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 200-ს გადააჭარბა.  24 საათში ვირუსმა კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და COVID-19-სგან გარდაცვლილთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. სამივე დაღუპული კვლავ  აჭარის რეგიონიდან არიან. ექიმების თქმით, გარდაცვლილ 52 წლის კაცს, 62 და 84 წლის ქალბატონებს  სხვა თამხლებ დაავადებებთან ერთად, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდათ.

კორონავირუსის გავრცელების კუთხით სწორედ  ზღვისპირა რეგიონი ლიდერობს, თუმცა  წინა დღეებთან შედარებით, აჭარაში  ინფიცირების სტატისტიკამ იკლო. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდგინდა და ინფექცია ზუსტად ამავე რაოდენობის პაციენტმა დაამარცხა.

სტატისტიკა იზრდება დედაქალაქში. ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსი 134 პაციენტს დაუდგინდა.სპეციალისტები გაზრდილ მაჩვენებელს მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაუცველობას უკავშირებენ.  ექიმები მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.  გასულ დღე-ღამეში ინფექცია კიდევ 318-მა პაციენტმა დაამარცხა და განკურნებულთა საერთო რაოდენობა 5 553-ს შეადგენს.

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, შესაძლოა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი ჩაიკეტოს. ინფიცირებული შუახნის მამაკაცია, რომელსაც კონტაქტი თითქმის ყველა ადგილობრივთან ჰქონდა. სწორედ ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფი პირების ბიოლოგიური ნიმუშის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, გამოცხადდება თუ არა საკარანტინო ზონად სოფელი ერისიმედი. COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დადასტურდა. კორონავირუსის შემთვევები დაფიქსირდა  იმერეთი, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო და შიდა  ქართლში, სამეგრელოში, კახეთში  და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება მსოფლიოშიც. კოვიდპაციენტების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა ბრაზილიაში.  დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. პირველ ადგილზე კი ისევ შეერთებული შტატები რჩება, მეორეზე – ინდოეთი. დონალდ ტრამპი, რომელიც კორონა ვირუსით,  დაინფიცირებას ღმერთის წყალობას უწოდებს ვიდეომიმართვას ავრცელებს და ეპიდემიის გავრცელებაში  კვლავ ჩინეთს ადანაშაულებს. ამბობს, რომ ჩინეთს ძვირი დაუჯდება, რაც აშშ-ს და მთელ მსოფლიოს გაუკეთა. თვითიზოლაციაშია გადასული რუსეთის პატრიარქიც. მას კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა. კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 5 000-ზე მეტი შემთხვევა  დაფიქსირდა უკრაინაში.  ვირუსით ინფიცირების რიცხვი მატულობს ევროპის სხვა ქვეყნებშიც. კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა იტალიაში. შეზღუდვენი უკვე გამკაცრდა, გერმანიაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც.