“ხელისუდლების მიერ წინასაარჩევნოდ დადგმული სცენარი”- დავით გარეჯის საქმე | 08.10.2020

პროკურატურის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ექსპერტები სახელმწიფოს ღალატად აფასებენ. ამბობენ, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება შესაძლოა ქვეყნისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ნაბიჯი აზერბაიჯანმა მეორე ფრონტის გახსნის მცედელობად აღიქვას.

პოლიტოლოგები ეჭვობენ, რომ პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოძიება და დაკავებები მმართველი გუნდის დავალებით, წინასაარჩევნოდ დაიწყო. ამბობენ, რომ რუკები, რომლის საფუძველზეც დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები დააკავეს აქამდეც არსებობდა, თუმცა რატომღაც გამოძიება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. ექსპერტების შეფასებით “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნების ეშინია და ამით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავება უკვე მეორე დღეა პოლიტიკური ბრალდებების საფუძველია. საპარლამენტო ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათი თქმით მმართველი გუნდი, რომელმაც ქვეყანაში არსებული კრიზისი ვერ დაძლია,  დავით გარეჯის თემით წინა ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ გამოძიება აუცილებლად ბოლომდე მივა რათა დადგინდეს, ვის რა განზრახვა ჰქონდა და მართლა აქვს, თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით 80 მილიონი აღებული. კობახიძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” ყველა სფეროში “ნაციონალური მოძრაობის” გაფუჭებულის გამოსწორება უწევს.

პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას და ოპონენტების ბრალდებებს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  გიორგი გახარია აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიება საქართველოს საშინაო საქმეა და საკითხი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს. პრემიერი ამბობს, რომ გამოძიების შედეგად გამოვლენილი გარემოებები აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე გაუზიარეს. მთავრობის მეთაური მოუწოდებს ყველას არ მოახდინონ საკითხის პოლიტიზირება. მთავრობის მეთაურის მსგავსად საგარეო საქმეთა მინისტრიც ირწმუნება, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.

დავით გარეჯის თემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და კომისიის ყოფილი წევრები ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავა. გამოძიება მათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის დროს არასწორი რუკების გამოყენებასა და ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები