წინასაარჩევნოდ შეკერილი საქმე და ბინძური თამაშები – ოპოზიცია დავით გარეჯის საქმეზე | 07.10.2020

ძალაუფლების ბინძური თამაშები, მხარდაჭერა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. პროკურატურასთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებული კომისიის ყოფილი წევრების მხარდამჭერი  აქცია გაიმართა. საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილება  ოპოზიციის ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის კიდევ ერთხელ გაწირა ორი უდანაშაულო ადამიანი.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ საქართველოს  ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების შესაძლო დაკარგვის საქმე პოლიტიკურად მოტვირებულია. ამბობენ, რომ საქმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომლის მიზანიც  წინასაარჩევნოდ ქულების დაწერა და ოპონენტებისთვის ღალატის დაბრალებაა. “ქართული ოცნების” ოპონენტები საქმეზე გამოძიების დაწყების დღიდან ამბობენ, რომ პროკურატურა გარეჯის თემას მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ იყენებს.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა ცოტა ხსნი წინ,  დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა.  გიგი გიგიაძე წერს, რომ წარდგენილი ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია.

“იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება,”-წერს Facebook გვერდზე გიგი გიგიაძე.

ოპოზიციის ბრალდებებს  სრულად უარყოფს და  საქმეში პოლიტიკური მოტივების არსებობას გამორიცხავს “ქართული ოცნება”. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გამოძიების ერთადერთი ინტერესი- დავით გარეჯზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში,  საქართველოსთვის ისტორიული სიმართლის დადგენაა. “ქართული ოცნების” შეფასებით,  ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები გაუმართლებელია.

საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაწყებული გამოძიების შეფასებისას საკმაოდ კრიტიკული იყო დღეს  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიები გაყიდა.