ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს სუიციდისკენ მიდრეკილება. ჩატარდება თუ არა ფსიქიატრიული ექსპერტიზა | 06.10.2020

ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს სუიციდისკენ მიდრეკილება.  გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატები ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. საქმეში ჩართული ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის შეფასებით, აუცილებელია საგამოძიებო უწყება თამარ ბაჩაიაშვილის ცხოვრების დეტალებით დაინტერესდეს. ეკა ქობესაშვილისთვის საეჭვოა გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება –  ბაჩალიაშვილის ვიდეოდღიურები, სადაც ახალგაზრდა გოგონას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჩანს. ადვოკატი ფიქრობს, რომ საეჭვო გარემოებებიდან გამომდინარე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით არ უნდა დასრულდეს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. საგამოძიებო უწყებამ, ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელიც   ახალგაზრდა პროგრამისტის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე – 17 ივლისს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი 150 ამდე აბ მედიკამენტს  სხვადასხვა აფთიაქში.   ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.  ექსპერტიზამ  აჩვენა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის  ორგანიზმში მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ ტაბლეტების დალევის შედეგად მოხვდა.  პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები  არ აღენიშნება.