რატომ არ დაელოდა „ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენაციებს – ევროკავშირი უკმაყოფილოა | 06.10.2020

მთავრობის გადაწყვეტილება სრულიად ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას – ასე აფასებს ოპოზიცია საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესმდივნის შეფასებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. პეტერ სტანოს განცხადებაში გამოთქმულია სინანული, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის სასწრაფო მოსაზრების გამოქვეყნებას კანონპროექტთან დაკავშირებით. ხელისუფების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც “ქართული ოცნება” სასამართლოს კონტროლის ქვეშ მოქცევას ცდილობს და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. მათი თქმით იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრობს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა დაუშვებელია.

პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებით ხელისუფლებამ ევროკავშირის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას გაუაზრებელ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა ნდობას კიდევ უფრო დააზიანებს.

რატომ არ დაელოდა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს – პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკონონმდებლო ცვლილებები საშემოდგომო სესიის დასრულებამდე უნდა მიეღოთ და ვენეციის კომისია ამის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა კომისიისგან წინასწარი მოსაზრება არ მიუღიათ.  თალაკვაძე ირწმუნება, რომ ვენეციის კომისიისგან რეკომენდაციებს ბოლო სასესიო დღის ჩათვლით ელოდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული კანონპროეექტი პარლამენტმა 30 სექტემბერს დაამტკიცა. გუშინ კი საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივანმა, პეტერ სტანომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ევროკავშირი გამოთქვამს სინანულს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის სასწრაფო მოსაზრების გამოქვეყნებას კანონპროექტთან დაკავშირებით. ბორელის შეფასებით ეს პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოსგან მოელის მოსამართლეთა არჩევის წესების განხილვის გაგრძელებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პერსპექტივაში.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები