ქველმოქმედება თუ ამომრჩევლის მოსყიდვა და ფულის გათეთრება – ივანიშვილმა იპოდრომი თბილისელებს მისცა | 05.10.2020

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბიძინა ივანიშვილი  ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას თბილისელებს ჩუქნის. მისივე გადაწყვეტილებით ფონდი “ქართუ” რეკრეაციულ სივრცეში თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობასაც გეგმავს. პროექტის დეტალები და ღირებულება უცნობია, თუმცა როგორც ივანიშვილის ფონდში აცხადებენ, მილიარდერს ცენტრალური პარკის გაშენება ათეულობით მილიონი დაუჯდება. დედაქალაქის მერის თქმით იპოდრომის  განვითარების პროექტზე ჰოლანდიურმა კომპანიამ იმუშავა და პარკის გაშენების სამუშაოებიც მალე დაიწყება. კახა კალაძე ვარაუდობს, რომ თბილისს ახალი ცენტრალური პარკი 3 წელიწადში ექნება. უკავშირდება  თუ არა ივანიშვილის გადაწყვეტილება მოახლოებულ არჩევნებს, კალაძე ჟურნალისტების ამ შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი იპოდრომის თბილისისთვის გადაცემაა.

40 ჰექტარზე მდებარე ძველი იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილის ფონდმა “ქართუმ”,  რამდენიმე თვის წინ, ივანიშვილისვე კომპანიისგან  60 მილიონ ლარად შეიძინა. ტერიტორია ფონდ “ქართუს”  შპს “ინვესტ კაპიტალმა” მიყიდა,  რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მილიარდელმა საეჭვო გარიგება ფულის გასათეთრებლად და საარჩევნოდ ხმების მოსაპოვებლად განახორციელა. გარდა ამისა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნა აქტივი, რომლისგანაც ეკონომიკურ სარგებელს ვერ ნახულობდა.

საბურთალოს რაიონში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატებიც თვლიან, რომ ივანიშვილს იპოდრომის დაბრუნებით მოსახლეობის ხმების მოპოვება სურს.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტს დედაქალაქის მერი ხვალ წარადგენს. კახა კალაძის ინფორმაციით უკვე ცნობილია კომპანია, რომელიც თბილისის ახალ ცენტრალურ პარკს ააშენებს.