“ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ბიძინა ივანიშვილს დაპირებები აღარ გაუცია | 02.10.2020

“ქართული ოცნების” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია და უკვე ტრადიციად ქცეული წინასაარჩევნო ტაქტიკა – ერთ საათიანი პრეზენტაციიდან ნახევარ საათზე მეტი მმართველმა გუნდმა “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიან მმართელობაზე საუბარს დაუთმო. პარტიის თავმჯდომარეს არაფერი უთქვამს წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ და აღარც დაპირებები გაუცია, რადგან სიტყვით გამოსვლა ივანიშვილმა მთლიანად პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას დაუთმო. 36 წუთიან გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა დეტალურად გაიხსენა 2003-დან 2012 წლამდე პერიოდი და ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ცინიზმი უწოდა. ივანიშვილი ამბობს, რომ არასდროს დაავიწყდება “ნაციონალური მოძრაობის” დროს ნოტარიუსად ქცეული სასამართლო, დაჩოქებული მედია და ერთი კაცის სურვილის შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო თანხმები.

ივანიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია საკუთარი წარსულის გადასაფარად მმართველი გუნდის დისკრედიტაციას და გაშავებას ცდილობს, რისიც მოსახლეობას არ სჯერა. ამბობს, რომ რეალურად ქვეყანა ვითარდება და პროგერესიც თვალსაჩინოა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციის კრიტიკას არ იღებს არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველო უსაფრთხო ქვეყანად აღიარეს, დაცულია ადამიანის უფლებები და აღარ ხდება ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა. როგორც ივანიშვილი ამბობს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანგარიშზეა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესება და ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერის აქტი.

ერთადერთი რაშიც ბიძინა ივანიშვილი ოპონენტებს ეთანხმება ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ამ შემთხვევაშიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ სიღარიბე არის მემკვიდრეობა და არა “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგი.

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პარტიის თვამჯდომარე მოკლედ შეეხო კორონავირუსს და პანდემიის გამო ვალად აღებულ სახსრებს. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მიზნობრივი დახმარება გაეწია ყველა იმ დარგს, რომელიც ეკონომიკის გადარჩენისთვის აუცილებელია. ივანიშვილს ოპონენტები არც ამ საკითხზე საუბრის დროს გამორჩენია. მისი თქმით  “ქართული ოცნება” წინახელისუფლებისგან განსხვავებით ვალად აღებულ თანხმებს არ იპარავს და ეფექტიანად ხარჯავს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები