საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში შეხვედრას სთავაზობს [30.09.2020]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში შეხვედრას სთავაზობს. გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წუხს, რომ  საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში” – განაცხადა პრემიერმა.

შეგასენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმდებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. საბრძოლო მოქმედებების გამო მსხვერპლია, როგორც სამხედროებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში. გარდაცვლილები არიან, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაჯანის მხარეს.