კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა [30.09.2020]

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. მხოლოდ დღეს COVID-19-მა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი  გარდაცვლილი  61 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში გუშინ  მოათავსეს, მას პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა. მეორე  გარდაცვლილი 60 წლის ქალია. ხოლო მესამე გარდაცვლილი 69 წლის მამაკაცი  კლინიკაში მძიმე ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა.

გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი – 326 შემთხვევა დაფიქსირდა. რეკორდულად მაღალია განკურნებულთა რიცხვიც. კოვიდ ინფექცია 796-მა პაციენტმა დაამარცხა. ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროტოკოლი მიიღო, რომლის მიხედვითაც პაციენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი PCR ტესტირების გარეშე მიენიჭება. ასევე უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა განკურნებულის სტატუსი მიენიჭოს.

მძიმე მდგომარეობაა წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირებულებს 235 პაციენტი შეემატა. 7 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად , ხოლო 8-ის მძიმედ ფასდება. აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ სიტუაცია რთულია, თუმცა მართვადი. ეპიდემიოლოგები კოვიდინფექციის სტატისტიკის მატებას აჭარაში, აგვისტოს თვეში ტურისტულ სეზონს უკავშირებენ.

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა კახეთში. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ოფიცერია. ინფიცირებული  ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ცხოვრობს. ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებას ინტენსიური რეჟიმში ცდილობენ. PCR ტესტის კვლევით კორონავირუსი ყვარელში მცხოვრებ 70 წლის კაცს და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ე.წ გორის ქორწილის კლასტერის ორ კონტაქტსაც დაუდასტურდა. კორონავირუსის გამო კიდევ ერთი სკოლა დაიხურა ზუგდიდში. ინფექცია სოფელ ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. COVID-19-ის 6 ახალი ფაქტია გურიაშიც. 38 კოვიდ ინფიცირებული შეემატა იმერეთის რეგიონს.

გასულ დღე-ღამეში 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი  გარდაიცვალა ოკუპირებულ აფხაზეთში. გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 108 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 494 ადამიანი განიკურნა,  11 კი გარდაიცვალა.