დავით გარეჯის საქმის გამოძიება წინასაარჩევნოდ და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები [30.09.2020]

გადასცა თუ არა ქართულმა მხარემ ოფიციალურ ბაქოს სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად – საქმეზე დაწყებული გამოძიება პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი ხდება. გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელსუფლების დროს, საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ, აზერბაიჯანთან საზღვარი  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეათანხმა. ამ  ბრალდებას ოპოზიცია წინასაარჩევნოდ დადგმულ სცენარს უწოდებს. თვლიან, რომ  წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემის გაცოცხლება  არასახელმწიფოებრივი ქმედება და  ქვეყნის ინტერესების ღალატია.

აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემის  ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას პროვოკაციად აღიქვამს  საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება” ცდილობს მას ქართული მიწის გაყიდვა დააბრალოს. ექსპრეზიდენტი  განმარტავს, რომ  ის აზებაიჯანულ მხარესთან გამართულ ყველა შეხვედრაზე,  საზღვრის  საბოლოო დელიმიტაციას და დავით გარეჯის საქართველოს სუვერენულ ტერიტორიად დაკანონებას ითხოვდა.

პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ  დავით გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება, საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება.  უმრავლესობის შეფასებით,  საგამოძიებო უწყებამ უნდა გამოიძიოს ხომ არ მოხდა რაიმე ტიპის ქმედება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

დავით გარეჯის სამონასტო კომპლექსის სადავო მონაკვეთთზე  კითხვები აქვს საპატრიარქოსაც. ირკვევა, რომ  ძველი კომისიის შემადგენლობა სასულიერო პირების ეჭვსაც  იწვევდა, რადგან ყველა სადაო საკითხი საპატრიარქოს შეფასებით, საქართველოს საზიანოდ იყო გადაწყვეტილი.

პროკურატურამ გამოძიება ერთი თვის წინ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.  გამოძიებამ წლების შემდეგ უნდა დაადგინოს, თუ ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება რუკების შედგენის დროს ქვეყნის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები