314 ახალი ინფიცირებული და კიდევ ორი დაღუპული – კორონავირუსის მაჩვენებელი უკვე პიკს აღწევს [29.09.2020]

314 ახალი ინფიცირებული და კიდევ ორი დაღუპული – კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი ქვეყანაში. ვირუსის მაჩვენებელი უკვე პიკს აღწევს. COVID-19-მა მხოლოდ დღეს  ორი პაციენტის სიცოცხლე  იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. COVID-19-ით გარდაცვლილი 33-ე პაცინეტი აჭარიდან იყო, 55 წლის ქალბატონს ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, რაც კოვიდ ინფექციამ კიდევ უფრო დაამძიმა. ის კორონავირუსის დადასტურებიდან სამ დღეში გარდაიცვალა. 34-ე პაციენტი კი საჩხერეში დაიღუპა, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან  COVID-19-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს.

ყველაზე საშიშ ზონად ისევ ზღვისპირა რეგიონია. წითელ ზონად გამოცხადებულ აჭარაში ბოლო 24 საათში რეკორდული 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით დაინფიცირდა ბათუმის მოხუცთა თავშესაფრიდან  35 პირი,  მათ შორის 25 თავშესაფრის ბინადარი, ხოლო 10  ადმინისტრაციის თანამშრომელია. 5 თანამშრომლის კვლევის პასუხს ელოდებიან. ხანდაზმულები კოვიდცენტრებში არიან გადაყვანილი, ხოლო თანამშრომლები საკარანტინო სივრცეში. ბათუმის 8 კოვიდ კლინიკაში 463 პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაში კი 24 პაციენტი იმყოფება. აჭარაში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის ახალი პროტოკოლი ამოქმედდა – ინფიცირებიდან მე-10 დღეს უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას ბინაზე გააგრძელებენ.

კორონავირუსის შემთხვევები მატულობს დედაქალაქშიც. გასულ დღე-ღამეში კოვიდ ინფექცია 35 ადამიანს დაუდგინდა. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3542-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 5866-ია. ბოლო 24 საათში ვირუსი 270-მა პაციენტმა  დაამარცხა და სულ ვირუსისგან განიკურნა 2324 პირი.  რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში 28 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია. ქვეყნის მასშტაბით  25 კრიტიკული პაციენტია, აქედან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის 22 ახალი ფაქტი დაფიქსირდა იმერეთშიც. კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს.  50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც არსებული ინფორმაციით, ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა, თუმცა ის  სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, გურიაში COVID-19-ის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 44 სკოლა დღეიდან სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ძალაში რჩება დაბა ლაითურში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც. სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ორი სკოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც სოფელ რუხისა და სოფელ ინგირის საჯარო სკოლებში მოსწავლეებს დაუდასტურდათ. სულ ინფიცირებულია 14 მოსწავლე. კორონავირუსი დაუდგინდა ფოთში ერთი ოჯახის 3 წევრსაც, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. კორონავირუსი დაფიქსირდა ტყიბულშიც, 25 წლის ქალი ქუთაისში გადაიყვანენ.

ათამდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში და 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ზე 106 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.  მძიმეა 14-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1352-ს. კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაადასტურეს ოკუპირებულ ცხინვალშიც. გუშინ კი კოვიდ ინფექცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის  ხელმძღვანელს, მარინა კოჩიევას დაუდგინდა, რის გამოც ის დაისტანციურად მუშაობს.  დე-ფაქტო მთავრობას მაისის შემდეგ აღრიცხული აქვს სულ 95 შემთხვევა, მათგან 90 განკურნა.

მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში. სულ ინფიცირებულია 34 მილიონამდე ადამიანი, 25 მილიონამდე პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა. კორონავირუსით ინფიცირების ზრდის პარალელურად ზოგიერთი სახელმწიფო შეზღუდვებს ამკაცრებს. პარიზსა და საფრანგეთის კიდევ 11 ქალაქში ბარები ღამის 10-დან დილის 6 საათამდე აღარ იმუშავებს. ბარები ადრე დაიკეტება ნიდერლანდებშიც, მოსახლეობას კი სავაჭრო ობიექტებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იგეგემება სლოვაკეთში. კენიაში კი კარანტინის პერიოდი კიდევ 60 დღით გახანგრძლივდება. რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. ბოლო 24 საათში ვირუსს თურქეთში 65, რუსეთში 61, სომხეთში 6, აზერბაიჯანში კი 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.