გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბერალდებულებმა ნაფიცი მსაჯლების სასამართლოზე უარი თქვეს [28.09.2020]

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულებმა,  გიორგი შაქარაშვილის საქმეში  ნაფიცი მსაჯულების ჩართვაზე უარი განაცხადეს.  ადვოკატები ამბობენ, რომ  მტკიცებულებების არ არსებობის გამო,  საქმეს სასამართლო უფრო კომპეტენტურად განიხილავს, ვიდრე ნაფიცი მსაჯულები. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ზ.ხ.-ს ადვოკატის განცხადებით,  არასრულწლოვნებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო  არ ეხება, თორემ ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ.

ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ, რის საფუძველსაც ბრალდების მხარე ვერ ხედავს.  გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება   ე.წ. საბურთალოელების   მიმართ  საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკებას განიხილავს. საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს ძალადობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. საქმის პროკურორი განმარტავს, რომ საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელია, დაკავებულებმა ბრალი აღიარონ.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა მოგვიანებით,  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ, რაც განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და   ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.