შს მინისტრი ხელისუფლების მისამართით წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს [25.09.2020]

ძალადობა, მუქარა და შანტაჟი – ქვეყნის მთავარი პოლიციელი საქართველოს ხელისუფლების მისამართით წაყენებულ ყველა ამ ბრალდებას უარყოფს და საზოგადოებას არწმუნებს, რომ პოლიცია ყველა დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში მომატებული სავარაუდო პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტების მიუხედავად, გომელაური ირწმუნება, რომ კრიმინალური შემთხვევების რიცხვი არა გაზრდილი, არამედ შემცირებულია, ატეხილი აჟიოტაჟი კი მხოლოდ ოპოზიციის სპეკულაციაა.

შინაგან საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით სულ სხვა რეალობაზე საუბრობს ომბუდსმენი. ნინო ლომჯარია უკვე ღიად ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების ოპონენტებს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით ემუქრებიან და ფიზიკურადაც უსწორდებიან. ლომჯარია ამბობს, რომ ის და მისი უწყება პოლიციის გამოძიებით დაინტერესდება და უწყებიდან შესაბამიის მასალებსაც გამოითხოვს.

ნინო ლომჯარია არ არის ერთადერთი ვინც პოლიტიკური მოტივით ოპონენტების ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ალაპარაკდა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მათი ამომრჩევლების დაშინებას სისტემური ხასიათი აქვს, რის უკანაც მმართველი გუნდის ინტერესები იკვეთება. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი საარჩევნო შტაბის დარბევიდან ზუსტად 1 კვირის შემდეგ პოლიციას პასუხისმგებელი პირები ჯერაც არ გამოუვლენია, რაც გამოძიების ტენდენციურობაზე მეტყველებს. “ევროპულ საქართველოში” კი მიაჩნიათ, რომ ვახტანგ გომელაური ხალხს ატყუებს, როცა ის შემცირებულ კრიმინალზე საუბრობს.

პოლიციის მხრიდან რეაგირებას ისევ უშედეგოდ ელოდებიან მამუკა ხაზარაძის “ლელო”-ში, სადაც გომელაურის უწყებას კიდევ ერთხელ მიმართავენ და აქტივისტების ცემის საქმეზე დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ. პარტიაში ამბობენ, რომ მათ ქალ წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდნენ, თუმცა ამის გამო დღემდე არავინ დასჯილა. იგივე პრობლემაზე საუბრობენ გიორგი ვაშაძის პარტიაშიც.

ოპოზიციური სპექტრის კრიტიკას დღეს პარტნიორი ქვეყნების ელჩებიც გამოეხმაურნენ. დიპლომატები  შეშფოთებას გამოთქვამენ სახალხო დამცველის ანგარიშში  დასახელებულ ფაქტებზე და იმედს იტოვებენ, რომ ყველა ასეთ ფაქტს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს.

“გუშინ წავიკითხე სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც საუბრობდა დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებზე. რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე. ეს ისეთი ქმედებაა, რაც აუცილებლად დააზიანებს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს. კარგია, რომ საქართველოში იმყოფებიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და შესაბამისად ახდენენ ანალიზს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი”, – განაცხადა დეგნანმა.

არჩევნებამდე 37 დღით ადრე პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში იმატებს, ხელისუფლების ოპონენეტები კი პოლიტიკურ დევნაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. ოპოზიციის მიერ დასახელებული ძალადობის ფაქტების ფონზე საერთაშორისო საზოგადოება წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებით აკვირდება და არ არის გამორცხული, რომ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკული ტონი კიდევ უფრო გამკაცრდეს.