რა ჩვენება მისცა სასამართლოს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულმა ვახტანგ ახვლედიანმა [25.09.2020]

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხა.  ახვლედიანი ერთ-ერთი ბოლო იყო ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელი საბედისწერო ღამეს ცოცხალი ნახა. სწორედ ამიტომ ის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმეა. დახურულ პროცესზე მიცემული ჩვენების დეტალებზე ახვლედიანმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრა. ადვოკატის ინფორმაციით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებისთვის მიცემული ბოლო ჩვენება გაიმეორა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესის პარალელურად, პროცესზე მიიყვანეს 11 სრულწლოვანი ბრალდებულიც. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძოებო უწყება ე.წ. საბურთალოელების   მიმართ  საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკებას განიხილავს. საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს ძალადობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ ეთანხმება დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის დედა. ჩიქოვანი სწორედ ის ბრალდებულია, რომელმაც  18 ივნისის საბედისწერო ღამეს მცხეთის აგარაკზე მომხდარი ჩხუბის შედეგად, დაზიანებები მიიღო.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა მოგვიანებით,  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ, რაც განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.