გასულ დღე-ღამეში კოვიდ ინფექციას კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა – ვირუსი 227 -ს დაუდასტურდა (23.09.2020)

2 გარდაცვლილი და 227 ინფიცირებული – ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი დღის შემდეგ ეს ინფიცირების  ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციას კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 2 დღეში კი საქართველოში СOVID-19-ით უკვე ხუთი პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 18 აგვისტოდან მკურნალობდა და მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რომლის გართულებაც კორონავირუსულმა ინფექციამ გამოიწვია. ექიმების თქმით, 70 წლის მამაკაცი 3 სექტემბერიდან კოვიდუარყოფითი იყო. გარდაცვლილი 25-ე პაციენტი კი ბათუმში მკურნალობდა.

ბოლო სამ დღეში კოვიდ ინფექციით 700-მდე ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით კვლავ აჭარა ლიდერობს, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 165 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა წინა დღეებში გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენენ. COVID-19-ის ახალი კერა გაჩნდა აჭარის ტელევიზიაში, ინფექცია არხის ოპერატორს დაუდასტურდა, რის გამოც  ტელევიზიის 4 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. კორონავირუსი დაუდგინდა ბათუმში, მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს. მათი ინფიცირების წყარო უცნობია.

კორონავირუსის შემთხვევები იზრდება იმერეთშიც, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ისევ ამბობს, რომ ეპიდ ვითარება კონტროლიბადია. გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი 14 ახალი შემთხვევა არსებულ კლასტერებს უკავშირდება. COVID-19 დაუდასტურდა ზუგდიდში მერიის სამ თანამშრომელს. სამივე მათგანი გუშინ დადასტურებული შემთხვევების კლასტერია. მათ გარდა, კორონავირუსით ზუგდიდში კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის მცირეწლოვნებიც. კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ერთ პირსა და ხაიშის სკოლის ორ მოსწავლეს. კოვიდ ინფექციის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გურიაშიც.

34-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დედაქალაქში. COVID-19-ის საერთო რაოდენობამ კი 4140 შეადგინა. თბილისის ინფექციურ საავამყოფოში მკურნალობას 32 კოვიდ ინფიცირებული გადის, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2500-მდეა. გასულ დღე-ღამეში ინფექცია დაამარცხა 69 პაციენტმა და ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 1643-მდე გაიზარდა. გახდება თუ არა ვირუსის ფართომასშტაბიანი და რეკორდული გავრცელება დამატებითი შეზღუდვების დაწესების ან სწავლის კიდევ გადადების საფუძველი ჯერ უცნობია.

მძიმდება  ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში. რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი ათასს გადააჭარბა.  მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საერთო ჯამში, 1054-ია, განკურნებულთა რიცხვი 311, გარდაცვლილია  7 ადამიანი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები