დააკავებენ თუ არა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ადვოკატს (22.09.2020)

დააკავებენ თუ არა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ადვოკატს. კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიხეილ რამიშვილმა თამარ ბაჩალაიშვილის საქმეზე დავით ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული სატელიტის სურათები გაასაჯაროვა. ფოტოებით მტკიცდებოდა, რომ გარდაცვლილის  მანქანა შემთხვევის ადგილზე 19 და 20 ივლისს არ იმყოფებოდა. პროკურატურამ კი დაადგინა, რომ ეს მასალა  დამონტაჟებული და ყალბია.   საქმეში ჩართული ადვოკატი განმარტავს რომ ფოტო გადამოწმების გარეშე გაავრცელა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ადვოკატის ტელეფონი დალუქულია. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა მიხეილ რამიშვილის მხრიდან გახმაურებული საქმის მასალების ფალსიფიცირებას ადგილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სადაც მისი მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. ამბობს, რომ გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, რომელსაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყება მის პირად სივრცეში იჭრება და  ცდილობენ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ჩამოაშორონ.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პროკურატურა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქმედებს. პროკურორმა განმარტა, რომ გამოძიებისთვის მნიშველოვანია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რამიშვილის მობილურში სხვა სატელიტური ფოტოებიც აღმოჩნდა.  დავით გუმბერიძე განმარტავს, რომ რამიშვილის ტელეფონში, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტურ ფოტოებზე ინფორმაციის გამოთხოვის გარდა, პროკურატურას ადვოკატის სხვა სახის პირადი ინფორმაცია არ აინტერესებს.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს,  23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის  ოჯახი. გარდაცვლილის დედა  ამბობს, რომ  პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმიდან ჩამოშორებას.  თეონა თამაზაშვილი მისი შვილის გარდაცვალების საქმეში ჩართული ადვოკატის დაკავების შემთხვევაში აქციებს აანონსებს.

მიხეილ რამიშვილს სოლიდარობას უცხადებენ ადვოკატები. იურისტების შეფასებით, უფლებადამცველის პირად სივრცეში შეჭრა კატეგორიულად მიუღებელია. ამობენ, რომ  საგამოძიებო უწყების  მხრიდან ადვოკატის  პირადი  ტელეფონით დაინტერესება,  საშიში ტენდენცია.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში,  მიხეილ რამიშვილს ამ ეტაპზე  მოწმის სტატუსი აქვს. აღმოჩნდება თუ  გახმაურებული საქმის ადვოკატი ბრალდებულის სკამზე, მას შემდეგ გაირკვევა, რაც საგამოძიებო უწყება საკითხის შესწავლას დაასრულებს. თავად რამიშვილი დაკავებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ბრძოლას არ შეწყვეტს.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები