სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი ბაჩალიაშვილის საქმეში – ადვოკატი საეჭვო გარემოებებზე (21.09.2020)

პირი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყალბი ინფორმაცია გაავრცელა,  სატელიტის  ფოტოების განმეორებით ექსპერტიზას გეგმავს. დავით  ფურცხვანიძის მიერ ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის მიწოდებული სურათებით მტკიცდებოდა, რომ გარდაცვლილის  მანქანა შემთხვევის ადგილზე 19 და 20 ივლისს არ იმყოფებოდა. პროკურატურამ კი დაადგინა, რომ ეს მასალა  დამონტაჟებული და ყალბია.  უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე  ისევ არ დაასახელა  წყარო,  ვინც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა. თუმცა  ვარაუდობს, რომ  თამარ ბაჩალიაშვილს შესაძლოა  შეხება ჰქონოდა  იმ მასალებთან რომელსაც სპეცსამსახურები სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდ ფინანსურ სქემაზე  ამუშავებენ.

დღესვე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, თბილისის პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა. მიხეილ რამიშვილი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ეს პიროვნება დეტალურად აღწერს, თუ როგორ უგზავნიდა თამარ ბაჩალიაშვილს ფლეშკებს და  გარკვეულ მითითებებს აძლევდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. საგამოძიებო უწყებამ, ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელიც ახალგაზრდა პროგრამისტის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე – 17 ივლისს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი 150 აბ მედიკამენტს  სხვადასხვა აფთიაქში. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.  ექსპერტიზამ  აჩვენა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის  ორგანიზმში მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ ტაბლეტების დალევის შედეგად მოხვდა.  პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები  არ აღენიშნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები