საქართველოში ეპიდსუტუაცია კვლავ უარესდება – კორონავირუსის დიაგნოზით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა (21.09.2020)

საქართველოში ეპიდსუტუაცია კვლავ უარესდება – კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი, რიგით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. დაღუპული 60 წლის ქალბატონია, რომელიც 19 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და სამკურნალოდ  ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. მძიმეა მასთან ერთად გადმოყვანილი 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. კლინიკაში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ქალბატონის მდგომარეობას მაღალი ასაკობრივი მაჩვენებლის გარდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები კიდევ უფრო ართულებდა, რის გამოც მისი გადარჩენა საბოლოოდ ვერ მოხერხდა.

თითქმის ორი ასეულით იმატებს დაინფიციცირებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის სულ 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში 3695 შეადგინა. იდენთიფიცირებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 92 კვლავ აჭარის რეგიონზე მოდის. ვირუსი დაუდასტურდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს, ეპიდემიოლოგებმა ისინი შესაბამის დაწესებულებებში უკვე გადაიყვანეს. სასამართლოში კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკზე ღიად საუბარი არ სურთ, თუმცა ამბობენ, რომ დაინფიცირებულთა შორის მოსამართლეები არ არიან.

აჭარაში კორონავირუსით  ინფიცირების  მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, პანიკის საფუძველს კვლავ ვერ ხედავენ ადგილობრივ მთავრობაში. აჭარის ხელისუფლების თავჯდომარის განმარტებით, ბოლო დღეებში აჭარაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ეს მათ დამშვიდების საფუძველს არ აძლევს. თორნიკე რიჟვაძე აღნიშნავს, რომ მთელ რეგიონში ვირუსს 500 ადამიანი ებრძვის.

აჭარის გარდა კოვიდ დადებითი პაციენტების რიცხვი ისევ მაღალი რჩება იმერეთსა და თბილისში. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკული დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, ბოლო 1 დღეში იმერეთში 53, თბილისში კი 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ისევ კრიტიკული რჩება კოვიდის მიმღებ კლინიკებში მოთავსებული 16 პაციენტის მდგომარეობა, ისინი ბოქსირებულ განყოფილებებში ექიმების  განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. იზრდება გამოჯანმრთელებულების რიცხვიც. ბოლო საათებში კორონავირუსი სულ 40-მა პაციენტმა დაამარცხა.

ეპიდსიტუაციის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად უარესდება მსოფლიოში, თუმცა ქვეყნების დიდი ნაწილი მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას ჯერ არ აპირებს. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვა 31 მილიონს უკვე გადააჭარბა, გავრცელების მიხედვით კი პირველ სამეულში ისევ ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და ბრაზილია არიან. კვლავ მაღალი რჩება ინფიცირების მაჩვენებლი რუსეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსით 6 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა,  71 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები