კორონავირუსის შემთხვევების დღიური რაოდენობა კვლავ რეკორდულ მაჩვენებელზეა (17.09.2020)

კორონავირუსის შემთხვევების დღიური რაოდენობა კვლავ  რეკორდულ მაჩვენებელზეა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში  კოვიდინფექციის 179 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3000-ს  მიუახლოვდა. ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების მიუხედავად,  ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი აბობს, რომ საქართველო მწვანე ზონად რჩება. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციების მკაცრად დაცვას თხოვს და ამბობს, რომ აკრძალვების მიუხედავად მოქალაქეთა ნაწილი სადღესასწაულო სუფრებს ისევ შლის. გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებების აღნიშნვისგან თავი შეიკავონ.

ახალი შემთხვევებიდან 15 თბილისში გამოვლინდა. კოვიდ ცენტრებსა და ჰოსპიტლის შემდგომ სასტუმროებში COVID-19-ით ინფიცირბეული 1488 პაციენტი იმყოფება. მათგან  9-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, ხოლო 70-ის მძიმეა.  გაზრდილია ქვეყანაში ჩატარებული PCR ტესტირების რაოდენობაც. 16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით, 11125 ტესტი გაკეთდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი გასულ დღე-ღამეში 10-მა პაციენტმა დაამარცხა.

აჭარის რეგიონი კვლავ წითელ ზონად რჩება. სწორედ ზღვისპირა რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 126 ახალი შემთხვევა. თუმცა, აჭარის მთავრობაში ეპიდსიტუაციის რამდენიმე დღეში დასტაბილურებას ელოდებიან. ორი ადვოკატის COVID-19-ით ინფიცირების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს. ყველა თანამშრომელს PCR ტესტი ჩაუტარდება. კორონავირუსით ინფიცირებული 12 ორსულია მოთავსებული ბათუმის სამშობიარო სახლში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელში ბლოკ-საგუშაგოები განთავსდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.

COVID-19-ის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში. ყველა ახალი ინფიცირებული სკოლის კლასტერს უკავშირდება. ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” 52 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 12 ბავშვი და ორი ორსულია. კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა კახეთშიც. ინფიცირებული მამაკაცი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდანაა. წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება. რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 29 შემთხვევაა, აქედან 13 მატანში, 7 ველისციხეში, 7 ლაგოდეხში,  ხოლო – 2 სიღნაღშია.

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა გურიაში. ინფიცირებულთაგან ორი არასრულწლოვანია. ყველაზე პატარა 2 თვის ბავშვი, ერთი კი 13 წლის მოზარდია.  კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოში. კერძოდ სენაკსა და ფოთში. ორივე ინფიცირებული ქალია. ფოთის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ბათუმია, ვირუსი სწრაფი ტესტით დაუდგინდა ქალის ორ კონტაქტსაც, PCR კვლევის შედეგი კი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.  სენაკში კი 71 წლის ქალის ინფიცირების წყარო კი უცნობია. ორივე შემთხვევაში მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 62 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა მსოფლიოში. კორონავირუსის ყველაზე მეტი – 7 მილიონამდე შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 5 მილიონზე მეტი შემთხვევით იკავებს. აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, COVID-19-ის ყველაზე მეტი – 4 400 000 შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირებულთა ასაკობრივი მაჩვენებელი მცირდება, შესაბამისად გაზრდილია 15-დან 49 წლამდე პაციენტების რაოდენობა. მონაცემები მატულობს ევროპის ქვეყნებში. უკვე მეორე დღეა ნიდერლანდებში ვირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება. რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად რუსეთში 144, თურქეთში 63, სომხეთში – 2, ხოლო აზერბაიჯანში 3 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები