დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვა შაქარაშვილის საქმეზე და მოსამართლის ხმაურიანი განცხადება (16.09.2020)

შეიძლებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები დაცემისას, ფერდობზე ჩაგორების ან სიმაღლიდან ვარდნისას მიეღო – ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების პროცესზე, გარდაცვლილი ფეხბურთელის  საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი მიიყვანეს. ალექსანდრე გეჯაძემ, რომელიც შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა, ჩვენება  ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მისცა. ექსპერტი განმარტავს, რომ დაზიანებები, რაც გიორგი შაქარაშვილს  აღენიშნებოდა – უბედურ შემთხვევასთან ვერ გაიგივდება. სასამართლოში დაიკითხა ექსპერტიზაში მონაწილე სამხარაულის სახელობის ბიუროს  ექსპერტიც, რომელმაც შენობა უკომენტაროდ დატოვა

არასრულწლოვანი ბრალდებულის ზ.ხ-ს ადვოკატისთვის, გაუგებარია, რატომ წარმოადგინა სასამართლოში დღევანდელ პროცესზე  სამედიცინო ექსპერტები ბრალდების მხარემ, რადგან მკვლელობის საქმე ამ ეტაპზე არ განიხილება.

2 საათის განმავლობაში გაგრძელდა ბრალდებულ გიგა ტატიაშვილის დაკითხვა. გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესზე სრულწლოვანი ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან  ჩვენების მისაცემად მიიყვანეს. გახმაურებულ საქმეში ძიუდოისტს გამოძიება ძალადობის ორგანიზებას ედავება. ტატიაშვილი  “მერსედესის” მარკის იმ ავტომობილის მძღოლია, რომელიც საბედისწერო ღამეს მცხეთაში იმყოფებოდა. დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხმაურიანი განცხადება გააკეთა გახმაურებული საქმის პროკურორმა. ნანა გუგუტიშვილის ინფორმაციით, ბრალდებულებს – გიგა ტატიაშვილს და ნიკა ჟვანიას გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენება აქვთ მიცემული, სადაც ისინი  მათ თანხმლებ პირებს ამხელენ.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა მოგვიანებით,  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ,   რაც   განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და   ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები