დაკითხვები სასამართლოში გიორგი შქარაშვილის საქმეზე (16.09.2020)

შეიძლებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები დაცემისას, ფერდობზე ჩაგორების ან სიმაღლიდან ვარდნისას მიეღო – ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების პროცესზე, გარდაცვლილი ფეხბურთელის  საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი მიიყვანეს. ალექსანდრე გეჯაძემ რომელიც შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა, ჩვენება  ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მისცა. ექსპერტი განმარტავს, რომ დაზიანებები, რაც გიორგი შაქარაშვილს  აღენიშნებოდა უბედურ შემთხვევასთან ვერ გაიგივდება. სასამართლოში დაიკითხა ექსპერტიზაში მონაწილე სამხარაულის სახელობის ბიუროს  ექსპერტიც, რომელმაც შენობა უკომენტაროდ დატოვა

არასრულწლოვანი ბრალდებულის ზ.ხ-ს ადვოკატისთვის, გაუგებარია, რატომ წარმოადგინა სასამართლოში დღევანდელ პროცესზე  სამედიცინო ექსპერტები ბრალდების მხარემ, რადგან მკვლელობის საქმე ამ ეტაპზე არ განიხილება.

2 საათის განმავლობაში გაგრძელდა ბრალდებულ გიგა ტატიაშვილის დაკითხვა. გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესზე სრულწლოვანი ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან  ჩვენების მისაცემად მიიყვანეს. გახმაურებულ საქმეში ძიუდოისტს გამოძიება ძალადობის ორგანიზებას ედავება. ტატიაშვილი  “მერსედესის” მარკის იმ ავტომობილის მძღოლია, რომელიც საბედისწერო ღამეს მცხეთაში იმყოფებოდა. ბრალდებულის ჩვენებასთან დაკავშირებით მხარეები სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. ადვოკატების ინფორმაციით,  ბრალდებულმა სასამართლოში დაადასტურა, რომ მასთან ერთად მყოფ  ნიკა ჟვანიას რკინის ხელკეტი ჰქონდა, თუმცა, მისი გამოყენება არ დაუნახავს.  საქმის პროკურორის განცხადებით  კი შესაძლოა ითქვას, რომ  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები ჩვენებებს ერთმანეთის წინაარმდეგ აძლევენ. ნანა გუგუტიშვილის ინფორმაციით, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გიგა ტატიაშვილმა განმარტა, რომ “მერსედესის” მარკის ავტომანქანაში მყოფი ყველა მგზავრი ჩხუბში ჩართული იყო.

სასამართლოში ბრალდების მხარეს მოწმის სახით დასაკითხად  დაბარებული ყავდა კიდევ ერთი ბრალდებული ნიკა ჟვანია, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვნების საქმეზე გიორგი შაქარაშვილის დედა დაიკითხება. ინფორმაციას ბრალდებულთა ადვოკატები ავრცელებენ. მიუხედავად  დაცვის მხარის  შუამდგომლობისა, ბრალდების მხარემ  თამარ შალვაშვილი მოწმეთა სიაში ჩასვა.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა მოგვიანებით,  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ, რაც განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები