COVID-19-ის მორიგი რეკორდი ქვეყანაში – გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 170 ადამიანს დაუდასტუდა (15.09.2020)

COVID-19-ის მორიგი რეკორდი ქვეყანაში – გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 170 ადამიანს დაუდასტუდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა. მათგან 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო დანარჩენი ცხელების ცენტრებში დაფიქსირებული შემთხვევებია, რომელთა კონტაქტების მოძიებაც გრძელდება. ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში შემდგენაირია 124 აჭარა, 20 თბილისი, 13 იმერეთი, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთი – ზუგდიდი, 3 გურია, 3 მცხეთა-მთიანეთი, ერთი კი რაჭა-ლეჩხუმი – ცაგერი. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექოტრმა დღეს თვეების მიხედვით PCR ტესტების დანახარჯებზეც ისაუბრა.

ეპიდსიტუაცია ყველაზე მძიმე აჭარაშია, სადაც ბოლო 24 საათში ინფექცია 124 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნები, ექიმები  და ფეხმძიმე ქალები არიან. კოვიდინფექცია ბათუმის სათნოების სახლის 5 ბენეფიციარს და ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. რის გამოც თავშესაფრის 120 მობინადრეს და 70 თანამშრომელს PCR ტესტი ჩაუტარდა, მათი პასუხები უარყოფითა. თავშესაფარი მუშაობას აგრძელებს, ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსი შემთხვევა დაფიქსირდა “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საარჩევნო შტაბშიც.

კორონავირუსის შემთხვევები მატულობს იმერეთშიც. ახალი 14 შემთხვევიდან ყველა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორადი კონტაქტია. რაც შეეხება 24-ე სკოლას, იქ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა ცაგერის მუნიციპალიტეტშიც. ინფიცირებული ე.წ. ქუთაისის ქორწილის კლასტერს უკავშირდება. კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა საბერიოში. ასევე სოხუმიდან წუხელ ერთი კოვიდინფიცირებული პირი ჩამოიყვანეს და ქუთაისის კლინიკაში მოათავსეს.

ისევ სამი ცხელი წერტილი და სამი კლასტერი რჩება კახეთში. რეგიონში გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის ახალი შემთვევა არ დაფიქსირებულა. ეპიდემიოლოგების თქმით, არსებული ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი და მართვადია. გაფართოებული ტესტირება დაიწყო მატანში, რეგიონში ყველა სკოლა შემოწმდა და სწავლის დაწყების უფლება მიეცა.  კორონავირუსის ერთი შემთხვევა რუსთავში, სამი კი გარდაბანში დაფიქსირდა. რუსთავში დადასტურებული შემთხვევა “ავერსის” რუსთავის ფილიალის კლასტერს მიეკუთვნება, გარდაბანში, ერთი – დადასტურებულ პირთან კონტაქტია, ორზე ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

კორონავირუსის რეკორდული მატების ფონზე მცირედით იზრდება ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. COVID-19 გასულ დღე-ღამეში მხოლოდ 11-მა ადამიანმა დაამარცხა. კოვიდცენტრებში მოტავსებულ ინფიცირებულთა რაოდენობა 1154 პაციენტამდე გაიზარდა, მათგან 35-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 5-ის კრიტიკულად მძიმეა.

ვითარება რთულდება ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 84 წლის ინფიცირებული ქალი, რომლის მდგომარეობაც სახლის პირობებში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ დამძიმდა, საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების დღიდან აფხაზეთში, საერთო ჯამში, ინფიცირების 674 შემთხვევაა დადასტურებული, 7 ადამიანი კი გარდაცვლილია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები