შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული 11 პირი პატიმრობაში რჩება – არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს (14.09.2020)

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.   გახმაურებული საქმის სრულწლოვანი ბრალდებულები დღეს მცხეთს რაიონულ სასამართლოში, წინასასანართლო სხდომაზე მიიყვანეს.  სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ვინაიდან, სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე კვლავ არსებობს.  შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მათი ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ, ნაწილი კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე გახმაურებული საქმის ბრალდებულებმა განმარტეს, რომ ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებულთა ნაწილმა ისიც კი თქვა, რომ  დუმილის უფლებით სარგებლობენ.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა მოგვიანებით,  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ, რაც განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.