ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების მიუხედავად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ იგეგმება (14.09.2020)

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების მიუხედავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.  ნათია მეზვრიშვილის თქმით მთავრობა სიტუაცია სრულად აკონტროლებს და ჯანდაცვის სისტემაც მომზადებულია. მეზვრიშვილი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ლოქდაუნი მოსალოდნელი აღარ არის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის კიდევ 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში იფიცირებულთა რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა აჭარაში გამოვლინდა, სადაც კოვიდინფექცია კიდევ 108 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულებიდან კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტია, მძიმე პაციენტების სია კი 30-მდე გაიზარდა. მარიანა ეზუგბაიას ინფორმაციით გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 5 სექტემბერს გორში ჩატარებული 100 კაციანი ქორწილი გახდა. ეზუგბაია მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ყველაზე რთული ვითარება აჭარაშია, სადაც ბოლო 24 საათში COVID-19 108 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულებს შორის არის პოლიციის 3  თანამშრომელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი მკურნალობას კლინიკაში გადიან. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები კი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის და ვირუსი უკვე საზოგადოების ყველა ფენაშია გავრცელებული.

19 პაციენტი შეიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კლინიკაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტი მკურნალობს, მათგან 8 რეანიმაციულ განყოფიელბაში იმყოფება. როგორც კლინიკაში ამბობენ, 59 პაციენტს პნევმონია აღენიშნება, 4 მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა. 34 ინფიცირებულს მკურნალობენ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მოსახლეობის ტესტირება დაიწყო სოფელ მატანში. ახმეტის მუნიციპალიტეტში 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  სოფლის შესასვლელ-გასასვლელში დილიდან კარვებია მოწყობილი, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება. პარალელურად ეპიდემიოლოგები დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს სწავლობენ. სოფელ მატანში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა 11 სექტემბერს დაფიქსირდა. ინფიცირების წყარო ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა.

გაფართოვდა ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერიც. კორონავირუსი 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერს და საქმეთა მმართველს დაუდასტურდათ. 24-ე სკოლის თანამშრომელს კონტაქტი სწორედ 32-ე სკოლის ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდა. პაციენტები საჩხერისა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილები. სკოლის 45 თანაშრომელი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 5882 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390 ადამიანი რჩება. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.