გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ (10.09.2020)

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. “ტოიოტა ქამრის” მგზავრები განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის სტატუსით დღეს სასამართლოს წინაშე, დახურულ კარს მიღმა წარსდგნენ. მორაგბე არჩილ გაგნიძის და ამბობს, რომ 18 ივნისის  ღამე მისი ძმა შემთხვევის ადგილას არა  ვინმესთან საჩხუბრად,  არამედ საქმის მოსაგვარებლად ჩავიდა.

დღეს სასამართლოში პირველად გამოჩნდნენ გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის ვახო ჩიქოვანის ოჯახის წევრები. ბრალდებულის დედა შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს და უარყოფს, რომ  მისმა შვილმა საბედისწერო ღამის სატელეფონო მიმოწერები წაშალა.

ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს  გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული   ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი. საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს ბრალდებულის ძმაც. ვახო რევაზიშვილის განცხადებით,  არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ნიკოლოზ რევაზიშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. რევაზიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას კი, რომლის ავტორიც  პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრი – კობა ჩიტიძეა,  სამართლებრივი ძალა არ აქვს.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირიდან ორი არასრულწლოვანია. ერთ-ერთი მათგანის ზ.ხ. ადვოკატი ამბობს, რომ შაქარაშვილის საქმეში   არასრულწლოვნებისთვის  განზრახ მკვლელობის მუხლის წაყენება მტკიცებულებების გარეშე მოხდა. ბრალდებულთა უდანაშაულობას კი არაერთი ექსპერტიზა ადასტურებს.

დაცვის მხარის პოზიციები მიუღებელი საქმის პროკურორისთვის. ბრალდების მხარე განმარტავს, რომ საქმეში ჩართული იურისტები  მოწმეთა  დისკრედიტაციას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა მოგვიანებით,  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ, რაც განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და   ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები