სააკაშვილის პრემიერობის ამბიცია – რას ფიქრობს ხალხი, მმართველი ძალა და ოპოზიცია (08.09.2020)

მიხეილ სააკაშვილის მიერ სამშობლოში დაბრუნების სურვილს  და პრემიერ-მინისტრობის ამბიციას – აქტიურად განიხილავენ ქუჩებში,  თუმცა მოქალაქეების  დამოკიდებულება ამ თემაზე განსხვავებულია. ერთი ნაწილი ექსპრეზიდენტის განაცხადს მორიგ საარჩევნო დაპირებას უწოდებს, მეორე ნაწილი კი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას მიესალმება და იმედს იტოვებს, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყნის მომავალ ხელისუფლებაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. მოქალაქეების კიდევ ერთი ნაწილი კი სააკაშვილს ჩამოსვლის შემთხვევაში, საპატიმროშიც ხედავს.

ქუჩაში გამოკითხული მოქალაქეების მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის ხმაურიან გადაწყვეტილებებზე  აზრთა სხვადსხვაობაა პოლიტიკურ სპექტრშიც. ექსპრეზიდენტის თანაპარტიელები თვლიან, რომ სააკაშვილი ღირსეული პრემიერ-მინისტრი იქნება, რაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პრინციპულად არ სურს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ რეფორმები სასამართლო და სამართალდამცავ უწყებებში აუცილელებელია, ეს კი პრეზიდენტ  სააკაშვილის  მონაწილეობის გარეშე, წარმოუდგენელია.

“ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური მოთამაშის დადებით მხარეებზე ვეღარ საუბრობენ, მისი ყოფილი თანაგუნდელები. “ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ მუდმივი დაპირებები ქვეყანაში დაბრუნებაზე ხელს ბიძინა ივანიშვილს აძლევს, რადგან სახელისუფლებო გუნდი ამას ხალხის დაშინებისთვის იყენებს და საკუთარ პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს.

მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანი განაცხადის გამო, პოლიტიკური პარტიები ახლა ახალი გამოწვევის წინაშე დგანან – შექმნიან თუ არა კოალიციას იმ გუნდთან, რომლის პრემიერ-მინისტრიც მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს. “ლეიბორისტულ პარტიაში” ამბობენ, რომ გადაწყვეტილები  ინდიკატორი ხალხის არჩევანია, თუმცა მათთვის სააკაშვილის ფიგურა ამ ეტაპზე საინტერესო არაა. მიხეილ სააკაშვილის პერსონის გამო, “ძალა ერთობაშიასთან” ნებისმიერ მჭიდრო ურთიერთობას გამორიცხავს ალეკო ელისაშვილიც. ამბობს, რომ ამ პოსტზე “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებს მხარს დაუჭერს, სააკაშვილს – არა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეფასების  გარეშე არ დაუტოვებიათ “ქართული ოცნებიდან” გასულ დეპუტატებს. ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი  მისი  მოწოდებებით მხოლოდ  ამომრჩევლის  მობილიზებას ცდილობს, და ის რეალურად სამშობლოში არ დაბრუნდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა დღესაც არ დაიშურეს “ქართულ ოცნებაში”. უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ბოდიშების უკან ხელისუფლების მიტაცების გეგმა იმალება, შესაბამისად მისი განცხადებები გულწრფელი არაა. მმართველი გუნდი პირობას დებენ, რომ 31 ოქტომბერს ოპოზიციას დიდი სხვაობით დაამარცხებს.

ჩამოვა თუ არა მიხეილ საკაშვილი საქართველოში და აქვს თუ მას კანონიერი უფლება ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში – პოლიტიკურ სპექტრში ახლა სააკაშვილის ამბიციების კანონიერებაზე მსჯელობენ. ყოფილი პრეზიდენტი კი აანონსებს, რომ ის ქვეყანაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როცა მისი ჩამოსვლით საქართველოში არეულობა არ დაიწყება.