მორიგი ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის საქმეში და ბურუსით მოცული კიდევ ერთი გარემოება (08.09.2020)

მორიგი  ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის საქმეში და კიდევ ერთი ბურუსით მოცული გარემოება. ექსპერტიზის ახალი დასკვნით ირკვევა, რომ  ბრალდებულთა ტანსაცმელზე გარდაცვლილი ფეხბურთელის  ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩნდა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ  არჩილ გაგნიძის ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის ახალი დასკვნა გახმაურებული საქმის მასალებს არ დაერთო, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.  ეს გარემოება მათი შეფასებით, ბრალდებულთა უდანაშაულობას ადასტურებს. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ახალი დასკვნა  განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების სასარგებლო მტკიცებულება იქნებოდა, თუმცა 10 სექტემბერს  სასამართლოს  წინაშე ამ ექსპერტიზის შედეგებს ვერ წარადგნენ.

ექსპერტიზის ახალი დასკვნით  გამოწვეულ საეჭვო გარემოებებზე დღეს განმარტება საქმის პროკურორმაც გააკეთა. ის განმარტავს, რომ  ბრალდებულებმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის  დამალვის მიზნით, ყველა შესაძლო მტკიცებულება წაშალეს.

დღეს გლდანის ციხიდან კიდევ ერთი ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც  გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი საუბრობს. “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში პატიმარი იმ თანამესაკნეს ესაუბრება, რომელმაც მოგვიანებით გამოძიებას რევაზიშვილის საწიანარმდეგო ჩვენება მისცა.  ფარულ ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ კობა ჩიტიძე, დეტალურად უსვამს კითხვებს ნიკა რევაზიშვილს და ცდილობს 18 ივნისის საბედიწერო ღამის შესახებ მეტი დეტალი გაიგოს.  ჩიტიძის ჩვენების მიხედვით, რომელიც 14 აგვისტოთი თარიღდება, ის  კონკრეტულ ადამიანს ასახელებს, რომელმაც საბედისწერო ღამეს ეს ჩანთა  მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოათავსა, თუმცა ვიდეოჩანაწერში რევაზიშვილი ჩანთასთან დაკავშირებულ დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ჩანთა დადებულია.

ახალი ფარული ვიდეო ჩანაწერის შინაარსი მოულოდნელი არ ყოფილა ნიკოლოზ რევაზიშვილის ოჯახისთვის. ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ კობა ჩიტიძე გამოძიების დავალებებს ასრულებს და პროკურატურა ყველანაირად ცდილობს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე გააყალბოს.

ვახო  რევაზიშვილი იმ ინფორმაციას იხსნებებს, რომელიც მისი ძმისგან  დაკავებამდე მოისმინა. ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ მხოლოდ 19 ივნისს გაიგო. რევაზიშვილები არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს მოსამართლის წინაშე წარდგენა ახლა უკვე დამძიმებული მუხლით მოუწევთ,  რაც   განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და   ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.