კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი საქართველოში (08.09.2020)

კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – საქართველოში ვირუსის დაფიქსირების  პირველი  დღის შემდეგ,  დღეს ინფიცირების  ყველაზე მაღალი რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში COVID-19 45 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის გავრცელების ფონზე ჩნდება ახალი კლასტერებიც. თბილისში დახურულია რესტორან “რესპუბლიკას” ნაწილი, ტესტების პასუხებს ელოდებიან კლუბ “ცისკარში”, სადაც ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ახალი შემთხვევებიდან 5  ჯგუფური შემთხვევა თბილისში ქორწილს უკავშირდება. სამით გაიზარდა იმ პაციენტმა რაოდენობაც, რომელთა ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია. 19 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი კი “ავერსის” კლინიკის თანამშრომელია.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 23 ადამიანს დაუდასტურდა აჭარაში. კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას, რომელიც საკონდიტრო “დონას” მენეჯერია. დაიხურა ბათუმის იუსტიციის სახლი, რადგან COVID-19 იქ დასაქმებულებსაც აღმოაჩნდათ. COVID-19 დაუდასტურდა  გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელსაც. უკვე მეორე დღეა დაკეტილია ხოფის ბაზრობა. თანამშრომლების გამოკვლევა კი დღეიდან იწყება. რეგიონის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა  მკაცრდება კონტროლი უკვე შემოღებული წესების აღსრულებაზე.

კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა კახეთში. ინფიცირებული ქალი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. ქალი პროფესიით ექიმია და ის ერთდროულად თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტის შესწავლა.

COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში. ინფიცირებული სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა. მეორე ინფიცირებულს ვირუსი წყალტუბოს საკარანტინო ზონაში დაუდასტურდა, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.  როგორც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათ კლინიკაში ადგილები აღარ აქვთ, რის გამოც პაციენტები ზუგდიდში გადაჰყავთ.  კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა  დაიფიქსირდა ცაგერის მუნიციპალიტეტშიც. კორონავირუსის შემთხვევა დაფიქისრდა ფოთშიც.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი ექვსმა პაციენტმა დაამარცხა და ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 1321-ს შეადგენს. ამჟამად კოვიდცენტრებში კი 381 პაციენტი მკურნალობს, მათგან 17-ის მდგომაროება მძიმე, ხოლო სამის კრიტიკულია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები