სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი – ვინ როგორ აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ განაცხადს (07.09.2020)

როდის და რა ფორმით დაბრუნდება  მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში ეს დღეს  გაირკვეს, მანამდე კი ცნობილი ხდება ის, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობა უნდა. “ნაციონალური მოძრაობისა”  და “ძალა ერთობაშიას” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სწორედ სააკაშვილი იქნება. ექსპრეზიდენტის  თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება გართიანებულ ოპოზიციაში შემავალმა პარტიებმა ერთხმად მიიღეს. გადაწყვეტილება მედიასთან გრიგოლ  ვაშაძემ გაახმოვანა. ამბობს, რომ   მიხეილ სააკაშვილის  რესურსის გამოყენება ქვეყნისთვის აუცილებელია და ნათელი მომავლის შექმნაც, მხოლოდ ექსპრეზიდენტს  შეუძლია.

ქვეყნის წინსვლისა და განვითარების გარანტიებს, მიხეილ სააკაშვილის პრემიერობაში ვერ ხედავენ, “ევროპულ საქართველოში”. სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები დღეს  ფიქრობენ,  რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება სურს და პრემიერობის გადაწყვეტილება სინამდვილეში ხელს მხოლოდ ივანიშივლის პროპაგანდას უწყობს.

ოპოზიციური სპექტრიდან, პრემიერობის კანდიდატი აქამდე მხოლოდ “სტრატეგია აღმაშენებელს” ჰყავდა დასახელებული. გიროგი ვაშაძე, რომელიც თავს მომავალ პრემიერად მოაზრებს, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელებაზე ბევრს არ საუბრობს. აღმოჩნდა, რომ სხვა პარტიის გეგმები მისთვის საინტერესო არ არის.

მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის საკითხსა და მის შესაძლო ჩამოსვლას, დღეს “ქართული ოცნებიდან” წამოსული დეპუტატებიც აფასებენ. ისინი  სააკაშვილს კომიკურ ფიგურად მოიხსენიებენ და თვლიან, რომ ყველაზე მეტად ექსპრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება ახლა “ქართულ ოცნებას” აწყობს.

გიორგი გახარია, ისევე როგორც “ქართული ოცნების” მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, თვლის, რომ  სააკაშვილის მხარდაჭერით ოპოზიცია თავს წამგებიან მდგომარეობაში იგდებს.  “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ  დაბრუნების შემთხვევაში სააკაშვილის ადგილი საპატიმროში იქნება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებს. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი თუ რა გზით აპირებს სამშოლოში დაბრუნებას. სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენისთვის მოქალაქეობა სჭირდება, რომელიც მას ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა უნდა მისცეს.