გიორგი შაქარაშვილის საქმეში, “კიბის ეპიზოდზე” რამდენიმე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა (04.09.2020)

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა გოგშელიძეს, ირაკლი მუმლაძეს, ირაკლი წაქაძეს და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდათ. საუბარია აგარაკზე მომხდარ   ე.წ კიბის ეპიზოდზე, რა დროსაც არასრულწლოვანმა ნ.ხ-მ და ვახტანგ ჩიქოვანმა დაზიანება მიიღეს. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალის დამძიმების საფუძველი მოწმეთა ჩვენებები გახდა, რომლებიც მათივე შეფასებით, აბსურდულია.

ბრალი უზუსტდებათ “ტოიოტა ქამრის” მგზავრებსაც, რომელთაც გამოძიება განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.  ბრალის ახალი ფორმულირებით, ბრალდებულებმა  საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წინასწარ განზრახულად დანაშაულის დაფარვის მიზნით.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს მოსამართლის წინაშე წარდგენა ახლა უკვე დამძიმებული მუხლით მოუწევთ,  რაც   განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და   ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები