პირდაპირი მითითებები კრემლიდან – ახალი ხმაურიანი მასალა „პატრიოტთა ალიანსზე“ (01.09.2020)

მჭიდრო კავშირი მოსკოვთან და პირდაპირი მითითებები კრემლიდან – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში  რუსული საგამოძიებო ცენტრი “დოსიე” უკვე მეორე ხმაურიან მასალას აქვეყნებს. “დოსიე” კრემლიდან მოპოვებულ მიმოწერებზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო აქტივობებს ე.წ კაგებეს ყოფილი აგენტი და ევროპის ქვეყნებში ჯაშუშობაში მხილებული ოფიცერი  ვლადიმირ ჩერნოვი პირადად ხელმძღვანელობს. სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა შეუდგინეს პარტიის ლიდერებს საარჩევნო გეგმა და კონკრეტული დავალებებიც მისცეს. დოკუმენტების თანახმად, “პატრიოტებს” აფხაზეთში ვიზიტის გამო თავი საგანგებოდ შერჩეული ტექსტებით უნდა ემართლებინათ, მთავარი აქცენტი კი ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტზე გაეკეთებინათ. საგამოძიებო ცენტრ “დოსიეს” ფაილებში ასევე ვკითხულობთ:

  • “აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში აჭარის მაცხოვრებლებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება უნდა მოახდინონ, ამის ორგანიზატორი შეიძლება იყოს რომელიმე ახალი ძალა, მაგალითად, აჭარის დაცვის ახლადშექმნილი არაფორმალური კომიტეტი ან სხვა.
  • მაჟორიტარობის კანდიდატების აქცია „წაიყვანე ბავშვები სკოლაში“, რაც ღარიბი ოჯახებისთვის სასკოლო ნივთების გადაცემას გულისხმობს.
  • 5 სექტემბრამდე მოძებნეთ ახალგაზრდა ბლოგერები, რომლებიც მზად არიან შეგხვდნენ, პარტაქტივს, შემდეგ კი განათავსონ ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ.
  • 28 აგვისტოს, მარიამობას ლიდერები მივიდნენ რომელიმე მონასტერში, რომელსაც დავით თარხანმოურავი ხატს აჩუქებს გადაეცით ეკლესიას საჩუქარი  რუსეთის  ეკლესიისგან. საპასუხოდ ისინი გადმოსცემენ მოსკოვში არსებულ ქართულ ეკლესიას ანალოგიურ საჩუქარს.”

ეს იმ რუსული დავალებების არასრული სიაა, რომელიც პარლამენტის დეპუტატებს წინასაარჩევნოდ უნდა შეესრულებინათ. კრემლის უშუალო მითითებით ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პარტიას 8 აგვისტოს, აგვისტოს ომის წლისთავზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლაც უნდა მოეწყოთ, თუმცა ხანგძლივი ფიქრის შემდეგ კრემლმა “პატრიოტები”-სგან უარი მიიღო. “დოსიეს” მტკიცებით, ინაშვილის პარტიამ ამ დავალებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ამას ხალხი მათ არ აპატიებდა.

რაც შეეხება აგვისტოს ომს. ირმას და დავითის მონაწილეობით გადაცემები გავიდა 6,7,9 და 10 აგვისტოს. 8 აგვისტოს გავიდა მხოლოდ კლიპები. ამ გადაცემებს უკვე მოჰყვა რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ამ დღეს მიტინგის მოწყობა თბილისში არსებული სიტუაციის სრულიად ვერგაგებაა. ჩვენც კი არ გვაპატიებენ ამ თემაზე ამ დღეს მიტინგის მოწყობას.

საგამოძიებო ცენტრ “დოსიეს” სკანდალურ მასალებზე  ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი არ პასუხობს. ირმა ინაშვილმა მხოლოდ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მასალებს სასაცილო უწოდა და ხელი კვლავ სააკაშვილი-ბოკერიასკენ გაიშვირა. საგამოძიებო ცენტრის სკანდალური მასალები სასაცილო აღმოჩნდა, პარტიის კიდევ ერთი ლიდერისთვის – გიორგი ლომიასთვის.

“პატრიოტთა ალიანსის” რუსული კავშირების დასადგენად გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს ოპოზიცია. ელენე ხოშტარიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნითაც მიმართა, ამბობს, რომ კრემლის მიერ დაწერილ ტექსტებს ირმა ინაშვილი პირდაპირ იმეორებს, ეს კი იმის მკაფიო დასტურია, რომ “პატრიოტთა ალიანსი” საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს.

ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა, “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნაა. ცნობილია, რომ ოპოზიცია დეპუტატების  ხელმოწერებსაც შეაგროვებს, რომელსაც მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნის. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ფინანსებითა და კავშირებით პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესედეს, თუმცა ხელისუფლება ამ ნაბიჯს პრინციპულად არ დგამს.

“პატრიოტთა ალიანის” გარშემო აგორებულ სკანდალს,  მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. მმართველ გუნდში  თვლიან, რომ “პატრიოტთა ალიანსი” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად რუსულ საქმეს  ემსახურება, მოსახლეობა კი მათ 31 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს.

აუდიტის სამსახურმა “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების კანონიერებაზე მოკვლევა უკვე დაიწყო. გენერალურმა  პროკურატურამ კი ამ ეტაპზე არსებული მასალებით,  გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები