ივანიშვილზე არის დამოკიდებული როგორ განისაზღვრება სია – ირაკლი კობახიძე (01.09.2020)

“ქართულმა ოცნებამ”  დღეს საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, თუმცა მმართველ გუნდს სამომავლო გეგმებზე დღეს არ უსაუბრია. ითქვა მხოლოდ ის, რომ ოცნების საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 დღის ვადაში დასახელდება, სრული სია კი თვის ბოლომდე გასაჯაროვდება. იქნება თუ არა ამ სიაში ბიძინა ივანიშვილი – ამ კითხვაზე მმართველ პარტიაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ, ამბობენ, რომ ეს თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, “ქართული ოცნების” ლიდერები პასუხისმგებლობის გამოჩენას ოპოზიციასაც ურჩევენ და ამბობენ, რომ არჩევნებმა სპეკულაციების გარეშე  უნდა ჩაიაროს.

წინასაარჩევნო კამპანიის პირველი დღე მმართველმა პარტიამ წინა ხელისუფლების კრიტიკასა და ექს პრეზიდენტის დანაშაულებებზე საუბარს დაუთმო. “ოცნების” ხელისუფლებამ დღევანდელ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშივლის ვიდეომიმართვა გაიხსენა და განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, მას ციხე ელოდება. შეკითხვაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა მმართველმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, თუკი მას აქ ქართული მართლმსაჯულება ელოდება – ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის “ქართული ოცნების” დღევანდელი  შეფასებები  ახალი არ არის. ამბობენ, რომ საკუთარ გეგმებზე საუბრის ნაცვლად,  წინა ხელუფლების კრიტიკა მმართველი პარტიის ტრადიციაა. ოპოზიციის თქმით, მმართველ გუნდში კრიზისია და სამომავლო გეგმებზე სასაუბრო არაფერი აქვთ. ფიქრობენ, რომ მსგავსი განცხადებებით “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება უკვე  გაუჭირდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩვენები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების თარიღი, გუშინ პრეზიდენტმა ოდიციალურად დაასახელა.  არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს კამპანიის ჩატარება დღეიდან უკვე ოფიციალურად შეუძლიათ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები