ვისი დნმ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე, რომელიც მდინარე არაგვის პირას იპოვეს (01.09.2020)

ვისი დნმ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე, რომელიც მდინარე არაგვის პირას იპოვეს.  გახმაურებული საქმის მხარეები საკითხზე ვერ თანხმდებიან. ექსპერტიზის დასრულების შესახებ თავდაპირველად ადვოკატებმა განაცხადეს, საქმის ერთ-ერთმა  პროკურორმა კი ინფორმაცია, საერთოდ უარყო. მოგვიანებით ბრალდების მხარემ განმარტა, რომ შუალედური დასკვნა ორი კვირის წინ მიიღეს  და გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე 4 პირის გენეტიკური კვალია აღმოჩენილი.  პროკურორი ამბობს, რომ 17 ბრალდებულიდან ის არცერთ პირს არ ეკუთვნის, თუმცა ეს მათ ბრალეულობას არ აბათილებს.

ჩანთა, რომლის ექსპერტიზაც ბოლომდე დასრულებული ისევ არ არის, გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი და საეჭვო მტკიცებულებაა. ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები  დარწმუნებულები არიან, რომ  ჩანთაზე მათი დაცვის ქვეშ მყოფის შემხებლობა ვერ დადასტურდება.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად,  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა განახლდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში. ადვოკატების განმარტებით, დღევანდელ პროცესზე დადასტურდა, რომ საბედისწერო ღამეს არანაირ ჯგუფურ ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს მოსამართლის წინაშე წარდგენა ახლა უკვე დამძიმებული მუხლით მოუწევთ,  რაც   განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები