კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა და ეპიდვითარება საქართველოში (28.08.2020)

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1455-მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან 3-ის წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა გრძელდება, 2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 3 იმპორტირებულია. გასულ დღე-ღამეში ვირუსი კიდევ 6-მა პაციენტმა დაამარცხა და COVID-19-სგან განკურნებულთა რიცხვი 1196-ს შეადგენს.  ამ დროისთვის კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 232-ს შეადგენს, მათგან   4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს აჭარაშიც. დღეს დადასტურებული 8 ახალი შემთხვევიდან 2 სწორედ აჭარას უკავშირდება, აქედან ერთი გუშინ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ორივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც სულ 32 ადამიანი მკურნალობს.  განმეორებითი ტესტირების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა მესტიასა და ლენჯერში 10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდული იყო, 2 სექტემბრიდან კი დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.

ისევ რთული ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში. სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აფხაზეთში კორონავირუსის 295 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 117 პირი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.