ელენე ხოშტარია „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთის მიერ დაფინანსების გამოძიებას ითხვს (25.08.2020)

რუსეთის მიერ “პატრიოტთა ალიანსის” შესაძლო დაფინანსების გამო, ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას  ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. ხოშტარია ამბობს, რომ რუსეთი ბევრ ქვეყანაში ცდილობს საარჩევნო პროცესებში ჩარევას და პატრიოტების დაფინანსების საკითხიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ის თვლის, რომ რუსეთს თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს.

“რუსული ფული ქართულ არჩევნებში – როგორ ერევა კრემლი მეზობლების შიდა პოლიტიკაში” – ამ სათაურით რუსული სააგენტო “დოსიე” საგამოძიებო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ კრემლმა თავისი რჩეულები უკვე დაასახელა და საქართველოში ოქტომბრის არჩევნებზე ეს ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი არიან. “დოსიეს” ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ მოსკოვმა 8 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ “პატრიოტთა ალიანსის” პიარკამპანიამ  კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი რუსული სააგენტოს ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და ბრალდებებს უარყოფს.