17 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული – თბილისი-შატილის საბედისწერო რეისის შედეგი (24.08.2020)

17 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული – ასეთია თბილისი-შატილის საბედისწერო რეისის შედეგი. პირველადი ინფორმაციით, ტურისტული მიკროავტობუსი, რომელსაც სპეციალური ტურით 20 ადამიანი გადაჰყავდა სოფელ ბისოსთან ჯერ გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი  80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მაშველებმა გუშინ ღამით ადგილზე 17 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, 3 მძიმედ დაშავებული პირი კი სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადით თბილისში გადმოიყვანეს. პირველი საუნოვერსიტეტი კლინიკის დირექტორის თქმით, სამივე დაშავებულს ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, მიყენებული დაზიანებები კი სიცოხლისთვის შეუთავსებელია.

ტრაგიკული შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული მაშველი  მუშაობდა, თუმცა ავტომობილის ხევიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. გარდაცვლილთა შორის არ არიან არასრულწოვანები, თუმცა რამდენიმე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია. ტრაგედიის ადგილზე გუშინ ღამე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა.

ირკვევა, რომ მერსედესის ტიპის თეთრი მიკროავტობუსი, რომელიც გუშინ ხევში გადავარდა ტურისტულ კომპანია treveler.ge-ს ემსახურებოდა. ცნობილი ხდება ისიც, რომ  მიკროვატობუსს ტექნიკური დათვალიერება გავლილი  არ ჰქონდა, სწორედ ტექნიკური გაუმართაობა სახელდება ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად. ხვიჩიას ქუჩაზე, იქ სადაც კომპანიის ოფისია რეგისტრირებული, ჩვენ გადამღებ ჯგუფს დღეს არავინ დახვდა. დღის ბოლოს კი კომპანიამ ფეისბუქის საშუალებით განცხადება გაავრცელა და პოლიციასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, საზოგადოების ნაწილი პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებს. სოციალურ ქსელში მოქალაქეები კომპანიის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე წერენ.   სოციალურ ქსელში დღეს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა ამავე ტურის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც საბედისწერო მიკროავტობუსს უკან მიჰყვებოდა. ტურის მონაწილე, რომელიც ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა, წერს, რომ ტრაგედია მიკროავტობუსის მძღოლის დაუდევრობას მოჰყვა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტო მთელ ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან აღმასრულებელი და საკანანმდებლო ხელისუფლების წევრები, ოპოზიციის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიები. საგანგებო მიმართვა გაავრცელა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც. სამძიმრის წერილს აქვეყნებს კათალიკოს პარტრიარქი ილიას მეორეც, რომელიც მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შატილში მომხდარ ფაქტზე საქმის აღძვრას არ ჩქარობს, თუმცა, სავარაუდოდ, სამართალდამცავები უახლოეს საათებში კომპანიის ხელმძვანელ პირებს გამოკითხავენ. იყო თუ არა ხევსურეთში მომხდარი შემთხვევა მძღოლის დაუდევრობისა ან ტექნიკური გაუმართავობის ბრალი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები