შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული პირები მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა (24.08.2020)

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული პირები მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გახმაურებულ საქმეზე ბრალდებული  სრულწლოვანი ბრალდებულებისთვის  აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მცხეთის რაიონული სასამართლო 4 საათის განმავლობაში მსჯელობდა. მთელი პროცესის განმავლობაში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ საქმეში მძიმე დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობს, სწორედ ამიტომ აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა საქმის მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ეკა კულულაშვილის აცილების შუამდგომლობას მხარი რამდენიმე სხვა ადვოკატმაც დაუჭირა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.  ვასილ მამულაშვილის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, პროკურატურის დავალებების შესასრულებლად მცხეთის სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გაგზავნეს, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

სასამარლოს ეზოდან დღეს მძიმე ბრალდებები წაუყენა გარდაცვლილის ოჯახს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის დედამ. ეკა წულიკიძე ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელებს ხელს გარდაცვლილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აფარებს.

დაცვის მხარის შუამდგომლობების საფუძველს ვერ ხედავს ბრალდების მხარე. პროკურორი აცხადებს, რომ დაასაბუთეს  გარემოება, რის გამოც სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს მოსამართლის წინაშე წარდგენა ახლა უკვე დამძიმებული მუხლით მოუწევთ,  რაც   განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და   ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.