24 საათიანი საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულებულია – თამარ ბაჩალიაშვილის საქმე (21.08.2020)

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილში, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, 24  საათიანი საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულებულია. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ბაჩალიაშვილის ოჯახთან ერთად ცდილობდნენ, ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის დეტალები დაეზუსტებინათ. დასადგენია, შესაძლებელია თუ არა 4 დღის განმავლობაში, ტემპერატურის გათვალისწინებით,  ცხედარს ის დაზიანებები მიეღო, რომელიც მისი პოვნის შემდეგ აღმოაჩინეს.

შემთხვევის ადგილას ჩატარებული  ექსპერიმენტისგან განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს. გარდაცვლილი პროგრამისტის მამა ვარაუდობს, რომ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ცდილობს.  თავად კი  ფიქრობენ, რომ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში მოტყუებით მიიყვანეს.  ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დარწმუნებულია, რომ  მისი შვილის მანქანა სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე ხუთი დღის განმავლობაში არ მდგარა.

გახმაურებული საქმის პროკურორი ჩატარებული ექსპერიმენტის დეტალებზე ვერ საუბრობს.  გამოძიების  ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგები საგამოძიებო მოქმედების ოლქშია ასახული, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზას გადაეგზავნება.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.