“ბასილაშვილი ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას” (21.08.2020)

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმა. ჩატარებული საგამოიებო მოქმედებების შემდეგ უწყებამ დაადგინა, რომ ბასილაშვილი მის მეუღლეზე  გენდერული ნიშნით ფიზიკურად ძალადობდა. “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, რომელიც ბასილაშვილის მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ გამოძიება ჩოგბურთელს ძალადობის 4 ეპიზოდს ედავება. სპეციალურ განცხადებაში ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ გარდა ფიზიკური ძალადობისა, ბასილაშვილი მის მეუღლეზე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა, რაც დოროყაშვილს ძლიერ ფსიქოლოგიურ ტანჯვას აყენებდა.

“საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდაფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას.”

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. როგორც ირკვევა ცნობილმა სპორტსმენმა ყოფილ მეუღლეზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა. ნეკა დოროყაშვილის თქმით, ჩხუბში ბასილაშვილის  მამაც ჩაერია, რომელიც მას დაუდგენელი ნივთით მისდევდა. პროკურატურა ბასილაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სპორტსმენი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.  მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხევაში 2იდან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხმაურიანი საქმის   განხილვა სასამართლოში 30 ოქტომბერს განახლდება.