შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნი შიმშილობას აგრძელებს – პროცესი გადაიდო (21.08.2020)

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გადაიდო. გადაწყვეტილების მიზეზი ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. ბრალდებულმა, რომელიც პენიტენციურ დაწესებუკლებაში მეოთხე დღეა შიმშილობს,   სხდომა პროტესტის ნიშნად, ადვოკატთან ერთად  დატოვა.

ბრალდებული შიმშილობს თუმცა მისმა მამამ პროტესტის ეს ფორმა შეწყვიტა. თამაზ ხომასურიძე განმარტავს, რომ  გენერალურმა პროკურატურამ მისი მოთხოვნა არასრულწლოვნის სიცრუის დეტექტორის საშუალებით შემოწმების შესახებ,  მხედველობაში არ მიიღო. ბრალდებულის მამა ამბობს, რომ  სიცრუის დეტექტორზე  შვილის გატარებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.  გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს საქმის პროკურორი. დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ზ.ხ-ს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.

ზ.ხ. – სთან ერთად შიმშილობას აგრძელებს გახმაურებულ საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი არასრულწლოვანი. მორიგი სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 26 აგვისტო 13:00 საათზე გაიმართება.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა.   ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ,  გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  თუმცა  5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს მოსამართლის წინაშე წარდგენა ახლა უკვე დამძიმებული მუხლით მოუწევთ,  რაც   განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და   ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები