დაპირისპირება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის (21.08.2020)

დაპირისპირება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის.  ირკვევა, რომ სამინისტრომ კლინიკას სასამართლოში სავენტილაციო სისტემის არქონის გამო უჩივლა, თუმცა ეს იმ ფონზე, როცა  უკვე წლებია კლინიკის ხელმძღვანელობა  სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების არ არსებობაზე ღიად საუბრობს.  სწორედ ამ პირობების არ არსებობის გამო – კლინიკამ რამდენიმე დღეა  კოვიდითა და აივ შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა.  როგორც დღეს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა განმარტა, ინფექციური საავდმყოფო მხოლოდ ამბულატორიულ მომსახურებას გააგრძელებს.მარინა ეუგბაიას თქმით, კლინიკას გამართული ინფრასტრუქტურა სჭირდება, რაც მისი შეფასებით ფუფუნებას არ წარმოადგენს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კოვიდითა და აივ შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერების გამო ჯანდაცვის სამინიტრომ უკმაყოფილება ვერ დამალა და სავარაუდოდ სასამრთლოშიც ამ მოტივით უჩივლა. უკმაყოფილება მინისტრმა ჟურნალისტებთანაც გამოხატა და  თქვა, რომ გადაწყვეტილების შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა. ეკატერინე ტიკარაძემ არც კლინიკის დაჯარიმება გამორიცხა. როგორც  მინისტრმა გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონი ლარი გამოუყო. სკითხს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც, რომლმაც ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პრობლემას ტექნიკური უწოდა.

ინფექციურ საავადმყოფოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებს ოპოზიცია. საგანგებო ბრიფინგით თემას პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” გამოეხმაურა. ამბობენ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სამინისტრომ სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად,დიალოგის გზით ინფექციურ საავადმყოფოს დახმარება უნდა გაუწიოს.

შედგება თუ არა დიალოგი კლინიკასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის უცნობია.  უკვე 10 წელია, თბილისის ინფექციურ საავდმყოფოს შენობა გასხვისებულია, რამაც კლინიკის ხელმძღვანელობას არაერთი პრობლემა შეუქმნა. ამას ისიც დაემატა, რომ სამინისტროს მხრიდან კომპანია “ავერსთან”, რომელსაც კლინიკის შენობა ეკუთვნის, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება შვიდი თვით დაგვიანდა, რამაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები