ოპოზიციის უპრეცედენტო შეთანხმებიდან 2 თვეში – ერთობა კვლავ საფრთხეშია (20.08.2020)

ოპოზიციის უპრეცედენტო შეთანხმებიდან 2 თვეში – ერთობა კვლავ საფრთხეშია – საერთო გადაწყვეტილება, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ხანგძლივი მოლაპარაკებების შემდედ მიიღეს, შესაძლოა გადაიხედოს. ცნობილი ხდება, რომ ერთიანი “ნაციონალური მოძრაობა”, სავარაუდოდ, ისნის ოლქში მაჟორიტარობითვის იბრძოლებს და ყოფილ თანაგუნდელს –  გიორგი ვაშაძეს კონკურენტს დაუყენებს. “ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიღწეული  შეთანხმება თავად ვაშაძემ დაარღვია, როცა კონსულტაციების გარეშე საბურთალოზე თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა დააყენა და პრემიერობის სურვილი გამოთქვა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ისნის ოლქში კანდიდატის დაყენებაზე საუბარი  პარტიაში აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლო კანდიდატს ის არ ასახელებს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს გაკეთებულ  განცხადებას პასუხობს  ბრალდებების ადრესატი. გიორგი ვაშაძე ყოფილ პარტნიორებს ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და “ნაციონალურ მოძრაობას” შეთანხმების პირობებს ახსენებს. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ კიდევ ერთი კონკურენტის მიუხედავად, ის არჩევნებში გაიმარჯვებს და პარლამენტში ისნის ამომრჩევლის ხმა გახდება.

გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაწყებული აჯანყება არ მოსწონთ გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებს. “ლეიბორისტულ პარტიაში”, იქ სადაც 2 თვის წინ ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმდა, 19 ივნისის შეთანხმების გადახედვა დაუშვებლად მიაჩნიათ. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პირობების დარღვევა ოპოზიციურ ფლანგს შეასუსტებს ეს კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს. “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან “ევროპულ საქართველოშიც”, სადაც უკვე დიდი ხანია  ყოფილ თანაგუნდელებს- ქვეყნის მაშტაბით, საერთო მაჟორიტარებზე მიუღწეველი შეთანხმების გამო, აკრიტიკებენ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ორშაბათს უნდა გაახმოვანოს იბრძოლებს თუ არა ისნის ოლქში გამარჯვებისთვის. ოპოზიციური პარტიები კი “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მრგვალი მაგიდის ფორმატში  კონსულტაციების გაგრძელებას აპირებენ. ამ ეტაპზე  უცნობია მიიღებს თუ მოლაპარაკებებში მონაწილეობას გიორგი ვაშაძე. ბოლო შეკრებას, სადაც ოპოზიციამ საბურთალოს ოლქში საერთო მაჟორიტარი წარადგინა, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი არ დასწრებია.